თეა წულუკიანი - რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად ვარ
ჩვენი ხელისუფლება ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე, კონკრეტული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად ვარ, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსთავში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებზე.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე უკვე შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორს, ქალაქ რუსთავის მერს.
„შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენა. ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, ვიდრე სისტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. შესაბამისად, თუ მაშინ, იმ დროს და მას შემდეგ რაიმე კონსულტაცია მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე მოცემული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის, ჯანსაღი მსჯელობისთვის, თუ რა ტიპის პროექტია ეს და რას გააუმჯობესებს ქალაქისთვის, ნებისმიერ დროს ვარ მზად. მინიმუმი მანძილი ციხის კედლებსა და კორპუსებს შორის 100 მეტრია“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით რამდენიმე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია იმართება. რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.
გუშინ აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ციხის მშენებლობის შესაჩერებლად 24-საათიანი ვადა მისცეს.