თეა წულუკიანი - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად შევძელით, რომ „დეპორტირებულების საქმის“ მომდევნო განხილვა შედგება არა გაისად, არამედ წლის ბოლოს
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ 10 მილიონი ევროს ჩარიცხვა მორალური კომპენსაციისთვის არის რუსეთისთვის შესასრულებლად უპირობო ვალდებულება და რომ ეს თანხა უმოკლეს ვადებში უნდა ჩაირიცხოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდეს.
„გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატების დროს, რომელიც გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე შედგა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები. ისინი ითხოვდნენ, რომ ან ვადა გადაწეულიყო თანხის ჩარიცხვისთვის, ან სხვა რაიმე შეღავათი მისცემოდა მათ. თუმცა, მინისტრთა კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები და გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მილიონი ევროს მორალური კომპენსაციის ჩარიცხვის გადახდის თაობაზე არის რუსეთისთვის შესასრულებლად უპირობო ვალდებულება და რომ ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს უმოკლეს ვადებში“,- განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, საკითხის მომდევნო განხილვა დეკემბერში გაიმართება.
„ძალინ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმას, რომ ამ საკითხის მომდევნო განხილვა შედგება არა გაისად, არამედ წლის ბოლოს მინისტრთა კომიტეტის მომდევნო სხდომაზე, დეკემბერში. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს დავას იმისთვის, რომ ამ რამდენიმე მომდევნო თვეებში მივაღწიოთ შედეგს, ევროსაბჭოს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.