თეა წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
იუსტიციის მინისტრს იმედი აქვს, რომ ჰააგის სასამართლო დაადგენს დამნაშავეებს, რომელთაც ქართველების ეთნიკური წმენდა აწარმოეს.
„2010 წლის მარტში იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზი გამოქვეყნდა, რომელიც დღესაც დევს ჩვენს საიტზე. იქ ნახავთ, რომ ბატონი ზურაბ ადეიშვილი ბრძანდებოდა ჰააგაში, შეხვდა იქაურ პროკურორს, უთხრა, რომ ძალიან მოხარულია, რომ ჰააგას გამოძიება აქვს დაწყებული და დაჰპირდა თანამშრომლობას. ეს მოხდა 2010 წელს. ამაში ცუდი არაფერია.
როდესაც ვამბობ, რომ არ არის ცუდი, როცა რუსეთის პირისპირ არ ვართ მარტო და ჰააგის მეშვეობით ვეცდებით, დავამტკიცოთ, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ქართველების ეთნიკური წმენდა, ანწუხელიძის, სოფრომაძის, სხვების, მათ შორის, გადარჩენილი სამხედრო ტყვეების წამება და სხვა ტყვეების წამებით სიკვდილი – ეს ცუდია, ხოლო როდესაც იმავეს ამბობს ზურაბ ადეიშვილი, მაშინ ეს კარგია. ჩემთვის ასეთი მიდგომა არის გაუგებარი და პარლამენტში ამის შესახებ აუცილებლად დავსვამ კითხვებს.
ამის შემდეგ დგება 2012 წლის აპრილი. არასამთავრობო ორგანიზაციები, საია და სხვები მიმართავენ ჰააგის პროკურორს და ეუბნებიან, რომ საქართველო ვერ იძიებს საქმეს და ჰააგამ გამოიძიოს. ამის შემდეგ მოვდივართ ჩვენ ხელისუფლებაში, გამოძიება ისევ არ არის წაღებული ჰააგაში, ჩვენი პროკურატურა იძიებს ამ საქმეს, (სხვათა შორის, ჩვენი პროკურატურა დღესაც იძიებს ამ საქმეს პარალელურად) და ჩვენ ვიღებთ ფატუ ბენსუდასგან რამდენიმე წერილს, სადაც ის გვეკითხება, რას აკეთებთ გამოძიების პროცესში და აკეთებთ თუ არა საკმარისს, ხომ არ გამოვიძიო მე ეს საქმე. ის ამას კითხულობს იმიტომ, რომ ჰააგაში არის პრინციპი, რომ თუ ეროვნულ დონეზე არ ხდება ან ვერ ხდება გამოძიება, ამ ორ შემთხვევაში ჰააგა თავად იწყებს გამოძიებას. იწყებს მოთხოვნას დოკუმენტების.
ბევრი მასალა გვაქვს გაგზავნილი პროკურორის ოფისისთვის და ბოლოს ჩვენ ერთობლივად მივდივართ იმ დასკვნამდე, რაც წერია საია-სა და სხვების პეტიციაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ შევდივართ, შესაბამისად, რომ დავადგინოთ კიდეც ეთნიკურად ოსი ან ეთნიკურად რუსი პოტენციური დამნაშავე, ჩვენ მას უბრალოდ ვერც დავკითხავთ არამცთუ ვერ დავაკავებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ დადგინდებიან ადამიანები, რომლებმაც ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები წამებით მოკლეს. მისი თქმით, ამის ამსახველი კადრები ვიდეომასალაშიც არის.
„მჯერა, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსგან მივიღებთ იმას, რომ დადგინდებიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ვინც ქართველების ეთნიკური წმენდა აწარმოა. დადგინდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვიდეოზეც კი ჩანან, ვინც ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები აწამა და მოკლა. ზოგიერთი მათგანი გადარჩა და ცოცხალი მოწმეები არიან, ჩვენ ისინი სტრასბურგშიც გვყავდა ჯვარედინ დაკითხვაზე რუს გენერლებთან. ეს არის ის, რისიც მე მჯერა.
ჰააგის სასამართლო და პროკურატურა აღიარებს, რომ რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოს აქვს მუშაობის თანამედროვე მეთოდები. რუსეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ ის არ თანამშრომლობს ჰააგასთან, მაგრამ თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ, ის აწვდის ჰააგის პროკურორს მასალებს. რუსეთმა იკადრა და თქვა სტრასბურგში, რომ ისკანდერი არ ჩამოვარდნილა, ეს ფოტოშოპია.
სხვათა შორის, როდესაც მე მივალ პარლამენტში, კითხვა მექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც გორში ისკანდერი ჩამოვარდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვნებმა ამერიკელებს გაატანეს ეს მტკიცებულება და ჩვენ სანთლით ვეძებდით ამ ისკანდერს, მხოლოდ წელს დავაბრუნეთ ამერიკიდან 800 კილო ნივთმტკიცება, როგორ მოხდა, რომ მტკიცებულება გაატანეს სხვა ქვეყანას, თუნდაც მეგობარ ქვეყანას ისე, რომ ეს მტკიცებულება არ დამაგრდა გამოძიების მიზნებისთვის, არ იქნა მტკიცებულებად ცნობილი. მტკიცებულებად გაფორმების შემდეგ, შეიძლება, გადასცე დროებით მეგობარ ქვეყანას, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მტკიცებულებად გაფორმებამდე გადაეცა, – ეს კითხვები არის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.