თეა წულუკიანი - რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე, 118 პირის მონაცემის გარდა, წინა ხელისუფლებისგან არაფერი დაგვხვდა
თეა წულუკიანი - რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე, 118 პირის მონაცემის გარდა, წინა ხელისუფლებისგან არაფერი დაგვხვდა

2015 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ახალი დავა დავიწყეთ მხოლოდ კომპენსაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს იყო იმავე დავის ფარგლებში, მაგრამ გამოყოფილი პროცედურული წესებით და საქართველოსა და რუსეთს შორის ჭიდილი ახლიდან შედგა. სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა, დაგვემატებინა პირთა მონაცემები, თუკი ასეთი საერთოდ გვქონდა. ახლა შემიძლია, გავამხილო – სამინისტროში რომ მოვძებნეთ, ასეთი რამ ნაწარმოები წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. ანუ, წინასწარ არ იყო შესწავლილი და იყო მხოლოდ 118 პირი. ამას მაშინ საჯაროდ ვერ გავამხელდით, რადგან როცა ჩვენ ვსაუბრობთ, სტრასბურგის სასამართლოც გვისმენს და რუსეთს ჩვენ წინააღმდეგ დავაში მოვეხმარებოდით. ამიტომ, ამას საჯაროდ ასე არ ვამბობდით. რეალურად, 118 პირის მონაცემის გარდა, იუსტიციის სამინისტროში არაფერი დაგვხვდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც მისი თქმით, ამ პირების მოძებნაზე სათითაოდ იმუშავეს.

„თავიდან 1 800-მდე პირი მოვიძიეთ. არაერთმა მათგანმა თქვა, რომ ამასობაში რუსეთში დაბრუნდა და აქედან გამომდინარე, კომპენსაციაზე დავა აღარ სურდა. დანარჩენი, ვინც ვიპოვეთ, წარვადგინეთ და დადგა ის დიდი გამარჯვება, რაც არის ეს თანხა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ აღსრულება ევროსაბჭოს ნაწილში გადადის და აღსრულების მექანიზმია მინისტრთა კომიტეტი, სადაც, სხვა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შედგა თუ არა უკვე კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჯერ ეს კონტაქტი ვერ შედგებოდა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტს დღე-დღეზე გადაეცემა, მას თანხის ნებაყოფლობით ჩარიცხვაზე სამი თვე აქვს და შემდეგ, თუ ეს არ მოხდა, აღსრულების პროცედურა დაიწყება.