თეა წულუკიანი - რომ არა ქვეყნის ინტერესი, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან სასაუბროდ არ დავჯდებოდი
თეა წულუკიანი - რომ არა ქვეყნის ინტერესი, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან სასაუბროდ არ დავჯდებოდი

რომ არა ქვეყნის ინტერესი, მე პირადად, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელთან სასაუბროდ არ დავჯდებოდი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, არის მზაობა, ნებისმიერ საკითხზე შედგეს დიალოგი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეორე მხარეს მჯდომი ყველა წარმომადგენელი ამას იმსახურებს.

„ეს ყველას არ ეხება, მაგრამ იქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც, რომ არა ქვეყნის ინტერესი, მე პირადად, მათთან სასაუბროდ, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ დავჯდებოდი. ხშირად გვესმის, რომ ყველა დავიღალეთ მუდმივი დაძაბულობით. ქვეყნის ინტერესი არის სიმშვიდე. ქვეყანა სწრაფად რომ განვითარდეს, აუცილებელია არა მხოლოდ ის სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ბოლო შვიდი წლის მანძილზე მართლაც ზურგით, მძიმედ მოაქვს. მიმდინარე ოკუპაციის პირობებში და სხვა ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ამ ქვეყანაში უზრუნველვყოფთ სტაბილურობას, მაგრამ ეს არ კმარა და ასევე აუცილებელია, ყოველი არჩევნების წინ, მერე, თუ არჩევნებს შორის პერიოდში, საზოგადოებაში სრული ისტერიული ფონი არ იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისთვის გრძელდება დიალოგი ოპოზიციასთან და რა ამოცანა უნდა გადაჭრას ამ დიალოგმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცუდი არ იქნება, თუ 20 დეკემბერს გასამართ შეხვედრაზე რამე შეთავაზების განხილვა და რამდენიმე სასიცოცხლო მიზნის მიღწევა მოხდება.

„ჩვენი ამომრჩევლებისთვის მინდა, განვმარტო, რომლებიც ძალიან განიცდიან, ნერვიულობენ და გვეუბნებიან, საერთოდ, როგორ შეგიძლიათ ამ მწვალებლებთან და გამაუპატიურებლებთან ერთ ოთახში ყოფნაო. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველას კი არ ეხება, მაგრამ მეორე მხარეს მჯდომ რამდენიმე ადამიანს ეხება. იმასაც გვეკითხებიან, კი მაგრამ, მეორე მხარეს ისინი ერთად როგორ სხედანო და იხსენებენ 26 მაისს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოება დღეს, ხვალ და კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდად იყოს, რა თქმა უნდა, არანაირ პრობლემას არ ვხედავ, იქ ვიჯდე“, – განაცხადა წულუკიანმა.