თეა წულუკიანი - როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმით იწყალებს პრეზიდენტი სხვადასხვა დამნაშავეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესში, რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, გაადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.
„იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები, საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს, რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, არ დაზიანდეს. სხვა მხრივ, მეც როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს”, – განაცხდა წულუკიანმა.
კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა შეწყალების საქმეებზე გამოძიება, წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ამის შესწავლა უნდა მოხდეს.
ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომენტარი გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეწყალების პრაქტიკას მექანიზმების დახვეწა არ უშველის, ცალსახად ჩანს, რომ უფლებამოსილება ბოროტად არის გამოყენებული.