თეა წულუკიანი - როდესაც უწყებათაშორისი კომისიის ხემძღვანელი გავხდი, ნებისმიერი პარტიისა და არასამთავრობოსთვის მისი კარი გაიღო
როდესაც უწყებათაშორისი კომისიის ხემძღვანელი გავხდი, ნებისმიერი პარტიისა და არასამთავრობოსთვის მისი კარი გაიღო, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კონფერენციაზე – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ სიტყვით გამოსვლისას.
„ხელისუფლებაში მოსვლამდე უწყებათაშორისი კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფუნქციონირებდა და უშიშროების საბჭოს ექვემდებარებოდა, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. მე გახლდით ამ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელი. სიახლე, რაც იყო 2013 წელს – ჩვენ ყველა პარტია შემოვუშვით კომისიაში, რადგან ისეთ პარტიებს, რომელთაც ხელისუფლება მიიჩნევდა პრორუსულ პარტიებად, არ იწვევდნენ კომისიის სხდომაზე. ეს აღმოვფხვერი და კომისიაში, რომელსაც შვიდი წელია, ვხელმძღვანელობ, ყველა პარტია არის მოწვეული და მონაწილეობს სხდომებში. მაშინ მხოლოდ 4-5 არასამთავრობოს აძლევდა წინა ხელისუფლება სხდომებზე დასწრების უფლებას. როდესაც გავხდი კომისიის ხემძღვანელი, კარი გავხსენი და ნებისმიერი არასამთავრობოსთვის ღიაა კომისიის სხდომები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა გაიხსენა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როცა, მისი თქმით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი უპრეცედენტოდ უხამსი და აგრესიული თავდასხმების მსხვერპლი იყო.
„ამ საპრეზიდენტო კამპანიისას გვყავდა ქალი კანდიდატი, რომელიც უპრეცედენტოდ უხამსი და აგრესიული თავდასხმების მსხვერპლი. კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ ეს საკითხი და არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას პირადად მოვუწოდე, რომ დაეგმოთ და ჩართულიყვნენ კამპანიაში გენდერული ნიშნით კანდიდატზე თავდასხმის წინააღმდეგ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიპასუხა, რომ ისინი თავად გადაწყვეტდნენ, ჩართულიყვნენ თუ არა ქალი კანდიდატის წინააღმდეგ თავდასხმების აღსაკვეთად კამპანიაში და მიმაჩნია, რომ მათ არაფერი ან ძალიან ცოტა გააკეთეს, რათა ქალი კანდიდატი გენდერული თავდასხმებისგან დაეცვათ.
მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა უწყებათაშორის კომისიას, არ მოსწონდათ პოლიტიკურად ქალბატონი სალომე და მას არ იცავდნენ ან არასათანადოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, მათ აკლდათ ნეიტრალიტეტი და აკლდათ პროფესიონალიზმი. ასევე, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვიდრე ბოიკოტის რეჟიმს დაიწყებდნენ, თავს ესხმოდნენ ღიად კომისიაზე მყოფ ათეულობით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, ეძახდნენ მათ სუსტებსა და პრორუსებს, ეუბნებოდნენ, რომ მათთან ერთად ისინი არ დასხდებოდნენ, მათ შორის, არიან ისეთი არასამთავრობოები, რომლებიც რეალურად იცავენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, ისეთი არასამთავრობოები რომლებიც იცავენ მრავალი წელია შევარდნაძის პერიოდიდან საარჩევნო ხმის უფლებას და არიან კვალიფიციურები, მაგრამ როგორც მათ უწოდებდნენ, ღარიბი არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.