თეა წულუკიანი - როდესაც მსოფლიოს არაერთ რეგიონში მძვინვარებდა „ისლამური სახელმწიფო“, ჩვენს სახელმწიფოს უწევდა ტერორისტების სიაში შეყვანილი პირების სანქცირება, მაგრამ ამას ვაკეთებდით სასამართლოს წესით
ეროვნული ბანკი ყოველთვის ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და არამცთუ კანონმდებლობა, არამედ ამ კანონმდებლობაში ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მაღალი დონის პროფესიონალია.
„ვინაიდან გუშინ „მინისტრის საათით“ ვიმყოფებოდი პარლამენტში, არ მომეცა საშუალება, ნათია თურნავასთვის დამეჭირა მხარი. ის არაერთი წლის განმავლობაში იყო ჩვენი კოლეგა მთავრობის შემადგენლობაში. მე მასთან მიმუშავია და ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ მის პროფესიონალიზმს, საქმისადმი სერიოზულ მიდგომას. რა თქმა უნდა, არ ვარ ჩახედული ეროვნული ბანკის საქმიანობის თავისებურებებში, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციების კითხვა შემიძლია და შემიძლია, ისიც გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და არამცთუ კანონმდებლობა, არამედ ამ კანონმდებლობაში ყველაზე მთავარი, ძირითად კანონს რასაც ვუწოდებთ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, როდესაც ხელმძღვანელი პირი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ აღმოჩნდა ესა თუ ის გადადგმული ნაბიჯი, ხდება ამის გამოსწორება, ეს სწორია და ასეც უნდა იყოს.
„ჩემი მხრივ დავძენდი, რომ ტერორიზმის გამოც კი სანქცირებულ პირებს და, მათ შორის, ისეთ მძიმე დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს არაერთ რეგიონში მძვინვარებდა „ისლამური სახელმწიფო“, ჩვენს სახელმწიფოს უწევდა ტერორისტების საერთაშორისო სიაში, სანქციების სიაში შეყვანილი პირების ეროვნულ სიაში ჩასმა და სანქცირება. ამას ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ ამას ვაკეთებდით მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს წესით. არცერთ მინისტრს, ადმინისტრაციულ პერსონალს, საჯარო მოხელეს იუსტიციის სამინისტროში და პროკურატურაში არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი შეხედულებისამებრ, იმიტომ, რომ ეს თქვა გაერო-მ, ბრმად ესა თუ ისე პირი, ამა თუ იმ პირის საბანკო ანგარიში ან ქონება დაეყადაღებინა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღების პროცედურული წესი არის ასევე ადამიანების უფლებების სამართლის ნაწილი და სასამართლოს უნდა ჰქონდეს ხოლმე გარემოებების განხილვის საშუალება და იმის გადაწყვეტა, უნდა დაედოს ყადაღა თუ არა ამა თუ იმ პირის ქონებას, იქნება ეს ამ საერთაშორისო კონტექსტში სანქცირებული პირი თუ წარსულში რომ იყვნენ ტერორიზმის სიაში ჩასმული პირები, იმ დროსაც კი სასამართლოს ვეკითხებოდით. ეს არის ძირითადი პრინციპები, რითაც იმართება სანქციების საკითხი საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. ამიტომ მე მაქვს ნდობა ნათია თურნავასი, ის ყოველთვის არის ხოლმე გულახდილი და სერიოზულობით უდგება საკუთარ საქმეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.