თეა წულუკიანი - რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გამოთვლის წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტის მიზანია, სასჯელი უფრო სამართლიანი გახდეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ტეა წულუკიანის განმარტებით, რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გამოთვლის წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტი მიზნად ისახავს, ნარკოდანაშაულზე შესაბამისი სასჯელის დაწესების უფრო სამართლიანი მიდგომის დანერგვას.
მისივე თქმით, ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკორეალიზატორებისთვის რაიმე შეღავათის გაწევას.
წულუკიანის განმარტებით, ასევე საუბარი არ არის რაიმე სახის დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციაზე.
„რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებაზე მცირე ოდენობები დადგინდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათს ნარკორეალიზატორებისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვართ, ვამბობთ, რომ ნარკორეალიზაციის დანაშაულს არ აქვს, არ ჰქონია და არ ექნება არავითარი შემწყნარებლობა, ჩვენი მხრიდან არავითარი საკანონმდებლო შეღავათი არ იქნება. კანონპროექტი გულისხმობს მარტივ რამეს, რომელმაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო სამართლიანი უნდა გახადოს, რადგან დღეს, როცა ადამიანს სასჯელს ვახდევინებთ ერთი დოზისთვის და ასი დოზისთვის, ისინი ერთ სასჯელს იხდიან. ეს არის ძალიან მყვირალა უსამართლობა. შესაბამისად, საუბარი არ არის რაიმე სახის დეკრიმინალიზაციაზე ან ლიბერალიზაციაზე, საუბარია იმაზე, რომ სასჯელები სამართლიანი გახდეს და როცა პოლიცია ადამიანს ერთი მოხმარების დოზისთვის დააკავებს, იმდენიმე წლით ციხეში არ აღმოჩნდეს, როგორც თქვათ 20 გრამი ნარკოტიკული საშუალების მფლობელ ადამიანს დააკავებენ. რაც შეეხება უკვე გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებში იმას, რომ თუ უკვე არიან ადამიანები, ვისაც მოცემული ნივთიერებების გამო ესა თუ ის სასჯელი მიესაჯა, მათ შეეძლებათ, რომ სასამართლოებს განაჩენი გადაასინჯინონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კანონპროექტის თანახმად, მასში ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები.
ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.