გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ბარათაშვილი იქნება ის, ამილახვარი თუ ქიბროწაშვილი, ყველას გთხოვთ, წინ დააყენოთ გელათის ინტერესი. დაუკითხავად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძეგლი წინა ხელისუფლების დროს დაზიანდა.
„2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი, ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალებთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში იტალიელი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც დეტალურად შეისწავლის ძეგლს.
„მიუხედავად ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რეკორდულად მოკლე დროში, იუნესკოსგან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა ამჟამად იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენი ივნისში შევძლებთ, ვნახოთ მასთან ერთად სახურავი, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და ვინც, სამწუხაროდ, 70-80 წლის ასაკშია, მათ აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე, სწორედ მაშინ უნდა გქონოდათ მოწოდება, რომ ხანდაზმულ ექსპერტებს ჰკითხეთ აზრიო. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის წყვეტა ამ დარგში. მათთან ერთად დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს. მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვა, რომ არ უხდება ამ ძეგლს, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, ინფილტრაციის გამო, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ამგვარმა მოძრაობამ, არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე სიარულმა, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, კულტურის მინისტრმა ყველას მოუწოდა, რომ გელათზე განთავსებულ ხარაჩოებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
„ღიმილისმომგვრელია, როდესაც თქვენ გგონიათ, რომ იმ სიმაღლის ხარაჩოზე ავიდეს მომლოცველი სალოცავად. იქ ადის ან პროფესიონალი, ან ის ადამიანი, რომელსაც გინდათ, მოახარშინოთ სკანდალი. ძალიან გთხოვთ, წინ დააყენეთ გელათის ინტერესი და არა პოლიტიკური ინტერესი, რადგან გელათი არ არის პოლიტიკოსი, ის არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლი. საუბარია, ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც დაუკითხვად ავიდა ხარაჩოზე. გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ბარათაშვილი იქნება ის, ამილახვარი თუ ქიბროწაშვილი, ყველას გთხოვთ, წინ დააყენოთ გელათის ინტერესი. დაუკითხვად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ეს აზიანებს ფრეკას, რომელიც ისედაც დაზიანებულია 2008 წელს დაწყებული ექპერიმენტი შედეგად“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ე.წ. სკოჩი ფრესკებზე გამოყენებული არ არის.
„რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ქართული კულტურის უდიდეს გულშემატკივარს, რომლის დროსაც ეს ნახატები გამოტანილი იქნა მუზეუმიდან და შემოტანილი იქნა სამინისტროში, შემდეგ ოთხი მათგანი ისე გავიდა ჩეხეთში, რომ ნიკა გვარამიას ამის შესახებ „ფეისბუქზე“ არაფერი დაუწერია. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ „ფეისბუქი“ არ არსებობდა ან არ იცოდა გამოყენება. დღეს არის აღშფოთებული. ბატონი ნიკა ალბათ ყველაფერჩიკია, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე, როდესაც ვნახე მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებს და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ გვარამია ჩემსავით არაკვალიფიციურია, მაგრამ როდესაც მე არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის არაფერს არავის ეკითხება და ეს არ არის სკოჩი. ეს არის სპეციალური მასალა. იმიტომ, რომ ფრესკაა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლიდან იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი. თურმე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არის სპეციალური მასალა, როდესაც გამომარილების და გამოშრობის პერიოდი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოსწყდეს. რაც შეეხება უფრო მასშტაბურ სამუშაოებს და ეს ფრესკები რომ გადარჩეს, საჭიროებს მასშტაბურ სამუშაოებს. ამისათვის არის სწორედ უცხოელი სპეციალისტები და კმაყოფილებით უნდა ვთქვა, რომ არქიტექტორ-რესტავრატორებისგან განსხვავებით, ფერწერის რესტავრატორები და სპეციალისტები უფრო მეტია საქართველოში და აქ, როგორც ჩანს, წყვეტაა პროფესიული, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის გამო, არ არის ისეთი საზიანო, როგორიც მათ როდესაც ძეგლთა დაცვის სისტემაში მოშალეს ის, რაც იყო, იმის ნაცვლად, რომ განევითარებინათ. აღმოჩნდა, რომ ფერწერის მიმართულებით მაინც გადარჩნენ ადამიანები, პროფესიონალები, რომლებისგანაც ჩვენ უკვე შევქმენით ჯგუფი და მე შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ მე ან თქვენ, არ გეწყინოთ, უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვუაროთ ამ ფრესკებს. ეს უნდა გადაწყვიტონ სპეციალისტებმა. ახლა რაც ხდება გელათში, რა თქმა უნდა, არის ყველა იმ ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში და არა მხოლოდ, ვინც გელათზე ექსპერიმენტს ატარებდა 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.