თეა წულუკიანი - ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე
აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, რომ თურმე არცთუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილისმომგვრელი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას.
მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი სრულიად გაკოტრებულია.
როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
„იყო დრო, როცა აღვიქვამდი ძალიან სერიოზულად, მაგრამ ახლა უკვე ეს არის ღიმილისმომგვრელი, რადგან სრულიად გაკოტრებულია ოპოზიციური სპექტრი. ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ევროპულობის დროშის ქვეშ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მაშინ, როდესაც ელენე ხოშტარიას მაგალითზე გუშინ ვნახეთ, რომ ისინი სხვას უკიჟინებენ, აბრალებენ ცოდვებს, რომლებიც არ გვაქვს და ამ დროს თავად მილიონობით რუბლს იღებენ საკუთარ ანგარიშზე, რათა ბათუმში შეიძინოს ბინა ხოშტარიების ოჯახმა, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია, რომ არ იყოს კატასტროფა მათთვის. შესაბამისად, არ მესმის, ასეთი ხალხის დაძახებულზე რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას. ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან მსოფლიოში ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.