თეა წულუკიანი - „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გააერთიანა დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრი და დაამარცხა დიდი ბოროტება, რომელიც დღეს გალიიდან გვესაუბრება
„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც, ყელზე რომ გადგათ და ვერ ინელებთ, ვერ ეგუებით, ბიძინა ივანიშვილის, ამ დიდი კაცის თამადობით, გააერთიანა დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრი და დაამარცხა ის დიდი ბოროტება, რომელიც დღეს გალიიდან გვესაუბრება, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხათუნა სამნიძის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია მმართველობის, უკიდეგანოდ დემოკრატიული წესი, იმ არადემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ოპოზიციასთან ბრძოლის პირობებში, რომელიც მას არ აცლიდა და დღესაც არ აცლის ქვეყნის ნორმალურად მართვას.
„ქართული ოცნების“ გუნდი, არის ის გუნდი, რომელსაც ალბათ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით სულ პირველ წლებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებთან გამკლავება მოუწია, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია მმართველობის, მე ვიტყოდი უკიდეგანოდ დემოკრატიული წესი, იმ არადემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ოპოზიციასთან ბრძოლის პირობებში, რომელიც მას არ აცლიდა და დღესაც არ აცლის ქვეყნის ნორმალურად მართვას. ეს არის ეს გუნდი, რომელიც ადამიანის ღირებულების დაცვაზეა ორიენტირებული, ხშირად დემოკრატიულობას, გამჭვირვალობას საზოგადოება ჩვენს გუნდს უთვლის სისუსტედ, მაგრამ ვფიქრობ, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ქვეყნის მართვა. ეს არის ის გუნდი, რომელმაც რაც კი ხელისუფლება გვყოლია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყველაზე მეტად დაახლოვა ჩვენი ქვეყანა და ახალგაზრდა თაობები ევროპასთან და ევროკავშირთან იმ რეფორმებით, რომელიც გატარდა, რომელმაც მოგვიტანა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ეს არის ის გუნდი, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდებს მოუტანა უვიზო რეჟიმი, რასაც, დარწმუნებული ვარ, მისი ანტიდემოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლება უბრალოდ ვერ შეძლებდა და ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი ეკონომიკური რეფორმა გაატარა და მართლა გულწრფელად ებრძვის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. შეცდომები არის, პრობლემები არის, იდეალურები არავინ ვართ, მაგრამ ეს არის ის გუნდი, რომელიც გულწრფელად ცდილობს ააშენოს უკეთესი ქვეყანა და რაც მთავარია არ ეპოტინება თანამდებობებს და მზად არის, როდესაც გამოჩნდება ის ძალა, რომელიც მას არჩევნებში მოუგებს, დაუთმოს ხელისუფლება. ასეთია ქალბატონო ხათუნა ჩემ მიერ ამ გუნდის შეფასება იმის ფონზე, რასაც ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება, ოპოზიციონერისგან ვისმენთ, რომ თურმე ქვეყანაში აპოკალიფსია, თურმე სახელმწიფო დიდ სხვა ქართველებს კი არ დაუფუძნებიათ, არამედ ერთმა კაცმა დააფუძნა, რომელზეც ალბათ უკვე, ისე ვინერვიულეო 7 ნოემბრის მერეო, ერთ-ერთი ორგანოს ანთება დამემართაო და მე ეჭვი მაქვს, რომ ეს მენინგები იყო იმიტომ, რომ სხვა მხრივ ისე ვერ მართავდი ქვეყანას, როგორც მან მართა, თუ არ ჰქონდა ტვინის ანთება. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც, ყელზე რომ გადგათ და ვერ ინელებთ, ვერ ეპუებით, თუ ვერ ეგუებით ბიძინა ივანიშვილის, ამ დიდი კაცის თამადობით გააერთიანა დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრი, რომლებიც არანაკლებ მეტოქეობდა ერთმანეთში, ვიდრე ზოგიერთი სპორტული ფედერაციები დღეს ერთმანეთში, გააერთიანა ეს სპექტრი და დაამარცხა ის დიდი ბოროტება, რომელიც დღეს ჩვენ გალიიდან გვესაუბრება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა, სულ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს და ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის დიდი ტვირთი, რასაც ჰქვია, ბოროტებიდან ძალიან მაგარი საქართველოსკენ გარდამავალი პერიოდი ვატაროთ ზურგზე როგორც ტვირთი და ეს ტვირთი ვატაროთ ღირსეულად. არ დაიჯერებს ზოგიერთი, მაგრამ მე ამისთვის ვმუშაობ და ვერავინ იტყვის იმას, რომ ან რომელიმე ჩემს გამონათქვამში არ ვარ გულწრფელი, ან სახელმწიფოს ინტერესით არ ვხელმძღვანელობ ყოველდღიური საქმიანობისას, ვინც ამას იტყვის, ის არასერიოზულია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.