თეა წულუკიანი - პუდელების კოლექტიური ჯგუფი ნუ გადამეღობებით გზაზე, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ბრძოლა გვქონდა, ვერ მოვიცალეთ ამ სისტემისთვის, მაგრამ მე მოცლილი ვარ, სხვა საქმე არ მაქვს
პუდელების კოლექტიური ჯგუფი ნუ გადამეღობებით გზაზე. „ქართულ ოცნებას“ ბევრი ბრძოლა გვქონდა, ვერ მოვიცალეთ ამ სისტემისთვის სათანადოდ, მაგრამ მე ახლა მოცლილი ვარ, სხვა საქმე არ მაქვს, კიდევ ერთი წელი დამრჩა ამ თანამდებობაზე, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ნამდვილად დადგება ის შედეგი, რაც მომავალ კულტურის მინისტრს უკეთესად და მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს.
„როდესაც ერთ-ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში დავნიშნე ახალი ხელმძღვანელი, ვისაც ახლა ველაპარაკები აქედან, მინდა, კარგად მომისმინოს. ამ ახალ ხელმძღვანელს დაუწყო ამ კონკრეტულმა ადამიანმა მკვლელობის მუქარების წერილობით გაგზავნა – გადადექი, თორემ ასე ვიზამ, ისე ვიზამო. ოჯახის წევრებზე მუქარები. რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყო, წარმატებით წარიმართა გამოძიება, მეტ დეტალს ვეღარ ვამბობ აქ, მაგრამ მინდა, ყველას გითხრათ, რომ როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ იმ მეთოდებით აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომ გვაწამონ, დაგვჩეხონ, ქუჩაში ვაზაგაშვილი კიდევ ერთხელ მოკლან, გირგვლიანი კიდევ ერთხელ ვითომ გადაჩეხონ ეკალ-ბარდებზე და ბედავენ, რადგან ახალი ხელმძღვანელი არ მოსწონთ. გაბედონ და შეჰყვნენ კომპეტენტურობაში, როგორც წეღან ბატონმა თავმჯდომარემ უთხრა ვაშაძეს. ამათ ურჩევნიათ ნიღბის ქვეშ უგზავნონ „ესემესები“ საჯარო მოხელეს, ეს არ არის ლიბერალიზმი.
კიდევ ერთ სახალისო მაგალითს გეტყვით, ერთი თანამშრომელი, რომელიც ბოიკოტს გვიცხადებს, საკუთარ თავს უცხადებს, ხელფასს კი იღებს, ამბობს, რომ ოცში გამათავისუფლეთ, „დეი ოფი“ მინდაო, დღეს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ კულტურის სამინისტროში სულელი არავინ არის. „დეი ოფი“ არ ითვლება შვებულებაში და თანამშრომელს შეიძლება მიეცეს, თუ დედა ან მამა გარდაეცვალა, შვილმა ფეხი მოიტეხა, ყველას ღმერთმა აშოროს და ა.შ. წინასწარ „დეი ოფი“ არ იღება, რადგან თუ კოსმოსთან არ ხარ კავშირში, რაც არ უნდა თავისუფალი ხელოვანი იყო, დედა გარდაგეცვლება თუ მამა, წინასწარ ვერ გეცოდინება. ხელმძღვანელმა უთხრა, დაასაბუთეო. ვიცით, რომ აქ, პარლამენტში უნდა მოვიდეს და იყვიროს, რადგან ბოიკოტშია. ის ხომ ინსტრუმენტია. მოიწერა, რომ პუდელი გაუხდა ავად და გათავისუფლება უნდა. ვურჩევ, ეს პუდელების კოლექტიური ჯგუფი ნუ გადამეღობებით გზაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება სისტემა, ეს სისტემა ახლა ფორმირების პროცესშია, რომელიც მერე უფრო კარგად ჩაუდგება სამსახურში, და არა – ხელმძღვანელობაში, ქართულ კინოს, თეატრს თუ მწერლობას. თუ ინსტრუმენტი იქნება, გაგრძელდება ის, რაც, ღმერთმა გაანათლოს და, დაგვიტოვა რურუამ – ის, რომ პატარა ჯგუფი სარგებლობს და ეს არის ერთი და იგივე ხალხი. ეს დაუშვებელია. „ქართულ ოცნებას“ ბევრი ბრძოლა გვქონდა, ვერ მოვიცალეთ ამ სისტემისთვის სათანადოდ, მაგრამ მე ახლა მოცლილი ვარ, სხვა საქმე არ მაქვს, კიდევ ერთი წელი დამრჩა ამ თანამდებობაზე და ნამდვილად დადგება ის შედეგი, რაც მომავალ კულტურის მინისტრს უკეთესად და მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა წულუკიანმა.