თეა წულუკიანი - პრეზიდენტს და ყველა პოლიტიკურ ფიგურას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი გუნდი თავისუფლად შეადგინოს
პრეზიდენტს და ყველა პოლიტიკურ ფიგურას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი გუნდი თავისუფლად შეადგინოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს.
„ჩემი პოზიცია ასეთია, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ან ვნიშნავთ პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანს, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული შესაძლებლობა, რომ თავისუფლად შეადგინოს საკუთარი გუნდი. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტს და ყველა პოლიტიკურ ფიგურას უნდა ჰქონდეს. რა ხარისხით უნდა შეიცვალოს კანონი, ეს უნდა შეეხოს ყველა პოზიციას თუ არ უნდა შეეხოს, ეს მსჯელობის საგანია. შესაბამისად, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, ისე, რომ საჯარო მოსამსახურის და მოხელის ინტერესიც არ დაზიანდეს და ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მისთვის სანდო ადამიანებისგან, მისი ხედვების გამზიარებელი ადამიანებისგან დააკომპლექტოს საკუთარი გუნდი. ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.