თეა წულუკიანი - პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას
მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს – ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“.
წულუკიანი აცხადებს, რომ ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.
„ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს – ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.