თეა წულუკიანი - პრემიერის დონეზე გვაქვს მაღალი პოლიტიკური ნება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმი
პრემიერის დონეზე გვაქვს მაღალი პოლიტიკური ნება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე მუშაობა და რას გულისხმობს ეს მექანიზმი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მაღალი პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა საჭიროა კანონპროექტის დახვეწა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები.
რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომ პრემიერს დღეს ახალი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებაც უნდა გაეკეთებინა განცხადება, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა დაგეგმილი.
„მედიაში არსებული ინფორმაციის თანახმად, მოლოდინი იყო, თითქოს პრემიერი ისაუბრებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ დაგეგმილა, რადგან საგამოძიებო მექანიზმის შექმნა საჭიროებს იმ კანონპროექტის დახვეწას, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციის დასრულებას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მცირედით ან რადიკალურად განსხვავებული აზრი. მიღებული უნდა იქნას ეს კანონი, რის შემდეგაც უნდა შეირჩეს ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს პროექტის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელი. ამიტომ ეს არ იყო ცვლილებების თემა, თუმცა ვადასტურებ, რომ პრემიერის დონეზე გვაქვს მაღალი პოლიტიკური ნება, ამგვარი მექანიზმი შეიქმნას. უფრო მეტიც, ეს არის ჩვენი ვალდებულებების ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის თანახმად“, – აღნიშნა წულუკიანმა.