თეა წულუკიანი - პოზიტივია, როცა პროკურორს მოსამართლე უბედავს და ეუბნება, რომ არ ეთანხმება
პოზიტივია, როცა პროკურორს მოსამართლე უბედავს და ეუბნება, რომ არ ეთანხმება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს იმ რეფორმების პირდაპირი შედეგია, რომლებიც უმრავლესად, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ გატარდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეიძლება შეფასდეს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პირველ ინსტანციაში გამოტანილი გადაწყვეტილება, როგორც რეფორმების შედეგი, თუ როგორც მოსამართლე ეკა არეშიძის კეთილსინდისიერება, რადგან ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა განცდა, რომ სასამართლო პროკურატურაზე ისე პირდაპირ დამოკიდებული აღარ არის და მის ბრძანებებს აღარ ასრულებს, როგორც ეს აქამდე იყო.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მისთვის მთავარი იყო, მოსამართლეები იუსტიციის მინისტრის დიქტატისგან გათავისუფლებულიყვნენ.
„იმედი მაქვს, ამას სწორად გაიგებთ, რადგან მე ძალიან რთულ კონტექსტში დავინიშნე, როცა ჩემი წინამორბედი გაქცეული გახლდათ და ხელისუფლებაში მოსულ„ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაბარდა. მე შევეცადე, მოსამართლეები იუსტიციის მინისტრისგან გამეთავისუფლებინა და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოხდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, ზურაბ ადეიშვილი მოსამართლეთა არაფორმალური უფროსი, პატრონი იყო.
„ეს ყველამ იცოდა და მაშინ, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დღეს ჩემს გადადგომას ითხოვს, არ მახსოვს, ჩემი წინამორბედის ან პარლამენტში მისვლა მოეთხოვა, ან გადადგომა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.