თეა წულუკიანი - პოლიციელის საქმე არის ურთულესი სამსახური და მათზე ხელის აღმართვა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს
საქართველოს მოქალაქეებს უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციელის საქმე არის ძალიან პატივსაცემი და ასეთ ადამიანებზე ხელის აღმართვა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.
„ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა არამცთუ დროულია, არამედ ყველას ერთად უფრო ადრეც უნდა განგვეხორციელებინა. ამიტომაც, ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ ამ ინიციატივას მხარი მთავრობის სხდომაზე. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში ეს მიდგომები გაზიარებული იქნება, რადგანაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, რომ პოლიციელის საქმე არის ძალიან პატივსაცემი საქმე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის სირთულეებით სავსე სამსახური, რომელსაც პოლიციელები საკმაოდ მწირი ხელფასის პირობებში ასრულებენ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათაც ჰყავთ ოჯახები და მიუხედავად ამისა, ხშირად გვიან ღამით, მაშინ როდესაც ჩვენ გვძინავს, ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებზე ხელის აღმართვა, მე ვფიქრობ დიახ უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე დღეს ისჯება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სამართალდამცველის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ან მის მიმართ განხორციელებულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას – 15 დღემდე ვადით.