თეა წულუკიანი - პენიტენციურ სისტემაში 20-30 ადამიანი ყოველთვის იყო, რომელიც რთული ქცევის პატიმრად ითვლებოდა, ასეთ უმცირესობაშია დღეს სააკაშვილიც, ეს მისი არჩევანია, სასჯელი კი არის მოსახდელი
თეა წულუკიანი - პენიტენციურ სისტემაში 20-30 ადამიანი ყოველთვის იყო, რომელიც რთული ქცევის პატიმრად ითვლებოდა, ასეთ უმცირესობაშია დღეს სააკაშვილიც, ეს მისი არჩევანია, სასჯელი კი არის მოსახდელი

გუშინ მოვისმინეთ სამედიცინო სამსახურის განცხადება, რომელიც პენიტენციური სამსახურის სპეციალური განყოფილებაა და სადაც პროფესიონალი ექიმები, ექთნები და სხვა მედპერსონალი მუშაობს. მათი განცხადების მიმართ არავითარი უნდობლობა არ მაქვს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ მოწამვლის არავითარი ნიშანი არ არსებობს და მზად არიან, სააკაშვილს აუღონ და ჩაუტარონ ანალიზები, რაზეც პატიმარი ამბობს უარს.

„სისხლისა და სხვა ტიპის ანალიზების ჩატარებაზე ამბობს უარს, რომელიც ერთადერთი უტყუარი გზაა, დადგინდეს, არსებობს თუ არა ორგანიზმში რაიმე ტიპის მომწამვლელი ნივთიერება. რაკი ანალიზზე უარს ამბობს პატიმარი, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აშინებს ის შედეგი, რომელიც იქნება, რადგან ეს შედეგი ალბათ არ იქნება მისი თანაგუნდელებისთვის სასურველი. რთული ვითარებაა, რადგან რთულ პატიმართან გვაქვს საქმე. რთული პატიმრების გარკვეული ოდენობა ყოველთვის იყო ხოლმე პენიტენციურ სისტემაში. 20-30 პატიმარი მუდმივად იყო ხოლმე, რომლებიც რთულ პატიმრებად, რთული ქცევის პატიმრებად ითვლებოდნენ. ასეთ უმცირესობაში არის დღეს პატიმარი სააკაშვილიც, რომელიც თვითონ თავის თავსაც ურთულებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის ცხოვრება არც ისე მარტივია, როდესაც ხარ შეზღუდული თავისუფლების და თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ის ასევე ურთულებს ცხოვრებას მის გარშემო მყოფთ, მაგრამ ეს მისი არჩევანია. სასჯელი კი არის მოსახდელი“, – განაცხადა წულუკიანმა.