თეა წულუკიანი - პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული მდგომარეობა შესაძლოა, 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს
19 მარტს ამოიწურა პენიტენციურ სამსახურში ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, რომელიც, იუსტიციის მინისტრის ნებართვით, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა. 19 მარტსვე ეს პერიოდი გაგრძელდა 3 აპრილის ჩათვლით, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი ციხეებში 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გრძელდება განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა, რათა საპატიმროში მყოფი ადამიანები იყვნენ ვირუსისგან მაქსიმალურად დაცულნი.
„როგორც იცით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია და აკრძალულადვე რჩება პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი ჩვენს მსჯავრდებულებში, ასევე ნაწილობრივ ბრალდებულებში და ჩვენ, შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ნაწილობრივი კომპენსირება ამ დისკომფორტისა მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს თვის განმვალობაში. ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაპირებთ მომავალშიც, რათა ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის. განსაკუთრებული პირობები ციხეებში ასევე გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთი ახალდაკავებული და ახალმისჯილი პატიმარი, უკვე მეოთხე კვირა დაიწყო, ვერ შედის ძველ კონტიგენტთან, ვიდრე 21-დღიან საკარანტინო პერიოდს არ გაივლის. მინდა, ოჯახებისთვის განვმარტო, რომ ეს არ გახლავთ ის საკარანტინო სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე ტრადიციულად უწოდებენ კარანტინს. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში, იქ არის როგორც კანონმდებლობით, ასევე ევროპული კონვენციის დაცვით შექმნილი პირობები ჩვენი პატიმრებისთვის. იქ ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ არავითარი საეჭვო სიმპტომები არ გამოუვლინდებათ, შეერევიან ძველ კონტიგენტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ის პატიმრები, რომლებსაც საევჭო სიმპტომები ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ, ვერც ერთი ვერ ხვდება ციხის ტერიტორიაზე. „ისინი მაშინვე მივლინებულნი არიან ერთ-ერთ სამოქალქო კლინიკაში, სადაც დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი იქნა მივლენილი, ექვსი უკვე გაეწერა და არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი“.
„გაწერილი პატიმრებიც, პირველ რიგში, გაივლიან ციხის ტერიტორიაზე, ცალკე სივრცეში სამედიცინო საკარანტინო რეჟიმს, 21 დღის განმვალობაში. მინდა ვუთხრა პატიმრებს, მათ ოჯახებს, მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ გარედან შიგნით არ მოხდეს ვირუსის შეტანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სიახლეა ის, რომ 20 მარტიდან არც ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამსახურში მისულს დილით აღმოაჩნდება რაიმე სიმპტომი, ისინი მოწმდებიან სპეციალურად ამისათვის მოწყობილ ციხის გარეთ სამედიცინო პუნქტებში, არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ.
„20 მარტიდან დღემდე დაახლოებით 100-მდე თანამშრომელი იქნა სახლში გაბრუნებული, ხოლო 80-მდე დაცვის თანამშრომელი იქნა ჩამოცილებული ციხის პერიმეტრს. კიდევ და კიდევ, რათა პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული. 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ის კერძო კომპანია და ათეულობით დამლაგებელი, რომლებიც შედიოდნენ დაწესებულებაში, 23 მარტიდან აღარ ხვდებიან დაწესებულებაში. კერძო კომპანია გვაწვდის შესაბამის საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით, უზრუნველყოფს ციხის დალაგებას“, – განახცადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ასევე 24 მარტიდან აკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები ონლაინ მიმდინარეობს.
„ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, არამედ პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებს და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე. ეს არის წესი, რომლსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.