თეა წულუკიანი - პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის შესახებ მინიშნებები თუ განცხადებები, ჩვენი მთავრობის გეგმებს ემთხვევა
პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები, პირდაპირ ემთხვევა ჩვენი მთავრობის გეგმებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ილია II-ის საშობაო ეპისტოლეზე კომენტარისას გააკეთა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზეა საუბარი.
„პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები, პირდაპირ ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს ჰქონდა და აქვს 2013 წლიდან – ეს არის ის, რომ მოხდეს ახალგაზრდებში მუშაობა, შეიქმნას მთელი სისტემა, განათლების სისტემიდან დაწყებული, სხვა სტრუქტურებით დასრულებული. ახალგაზრდებში ეს არ იყოს პოპულარული, სანაქებო და მისაბაძი, რომ ვინმემ მოიხმაროს ნარკოტიკი.
ამას ბრძანებს ასევე პატრიარქი. ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას რეაბილიტაციის სისტემა ნამდვილი, ევროპული სტილის, რომელიც დღეს არ გვაქვს.
ამ ყველაფრის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელია ვისაუბროთ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე და ძნელია გვქონდეს იმედი, რომ რომელიმე ნაჩქარევად მიღებული კანონი რაიმე შედეგს მოიტანს და არ იქნება პირიქით წამქეზებელი ეფექტის.
ამიტომაც დიახ, ჩვენ უნდა მივსდიოთ იმას, რაც დავისახეთ მიზნად 2013 წლიდან და რაც აისახა წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშიც“,- განაცხადა წულუკიანმა.
„აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.
ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.