თეა წულუკიანი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ აანონსებს ცვლილებებს, თუ არ არის დათვლილი, რა შეიძლება მოიტანოს ამან
არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ აანონსებს ასეთ ცვლილებებს, თუ რა თქმა უნდა, არ არის დათვლილი, რა შეიძლება მოიტანოს ამან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, ჯამურად რა თანხა დაიზოგება და რა მიმართულებით წარიმართება ეს ფინანსები, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ფინანსები და ამგვარი გათვლები არ არის მისი უფლებამოსილების ნაწილი, მაგრამ მისივე თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა, რა თქმა უნდა, გარკვეული გათვლებიც კეთდებოდა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი არგუმენტი, თითქოს დაანონსდა ცვლილება ისე, რომ არაფერი გათვლილი და დათვლილი არ არის. რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ აანონსებს ასეთ ცვლილებებს, თუ რა თქმა უნდა, არ არის დათვლილი, რა შეიძლება მოიტანოს ამან. თუმცა, სანამ ახალი მინისტრები, სადაც არის სიახლე და განსაკუთრებით ის მინისტრები, ვინც თანამდებობაზე რჩება, მაგრამ მას უერთდება ახალი უფლებამოსილებები, თავად არ ჩავლენ დეტალებამდე, მანამდე ალბათ რაიმე ციფრების გაცხადება იქნება არასწორი იმიტომ, რომ შეიძლება, შემდეგ გვქონდეს მცირედი, მაგრამ მაინც ცდომილებები. მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, რას ისახავს პრემიერის ეს გადაწყვეტილება მიზნად. როგორც მან საზოგადოებას აუხსნა, მიზანი არის ერთი, რომ დაიზოგოს უფრო მეტი სახსრები, თუ რა ციფრებში აისახება ეს, რაც უფრო დიდი იქნება ციფრი, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ ეს მიზანი კარგად შესრულდა და მივაღწიეთ. ამისკენ უნდა ისწრაფოდეს ყველა. მათ შორის ჩვენი სამინისტრო, რომელსაც ცვლილებები არ შეეხო, მაგრამ შარშან ჩვენ შევამცირეთ ბიუროკრატიული აპარატი და ვიყავით ორიენტირებული იმაზე, რომ ბიუროკრატიაზე, რაც არ არის კნინობითი სახელი, ყველა სახელმწიფოს სჭირდება ბიუროკრატია, რათა სუვერენულ სახელმწიფოდ შედგეს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ბიუროკრატია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს იმდენი, რამდენიც სჭირდება ეფექტურად მართვისთვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.