თეა წულუკიანი - პარაპლანით ფრენაზე ახალი წესები მუშავდება, რომ აღარ მივიღოთ ქვეყანაში ისეთი ტრაგედიები, რომლებიც სიცოცხლის დაკარგვას უკავშირდება, იმედია, ამ წესებს ყველა გაითავისებს
თეა წულუკიანი - პარაპლანით ფრენაზე ახალი წესები მუშავდება, რომ აღარ მივიღოთ ქვეყანაში ისეთი ტრაგედიები, რომლებიც სიცოცხლის დაკარგვას უკავშირდება, იმედია, ამ წესებს ყველა გაითავისებს

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით გარკვეული წესები და რეგულაციები შემოდის.

მინისტრის თქმით, მფრინავს, რომელიც ფრენას ახორციელებს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე განისაზღვრება ფრენის არეალები, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

„საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო წარიმართა ჩვენი სამინისტროს კოორდინაციით, ეკონომიკის სამინისტროს და შს სამინისტროსთან ერთად, ასევე მათ შესაბამის სამსახურებთან და, პირველ რიგში, საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან. ასევე, ის ფედერაცია, რომელიც დღემდე არის ბაზარზე და კომერციულ ფრენებში გარკვეულ როლსაც ასრულებდა, რადგან პარაპლანით ფრენისას, სამწუხაროდ, არაერთი უბედური შემთხვევაც იყო. ფედერაცია, რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, დღეს დამტკიცებული წესის თანახმად, სწორედ ეს ფედერაცია, რომელიც აქტიურად იყო ჩვენთან ერთად ამ წესის შემუშავებაში ჩართული, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომელიც არის საკმაოდ მკაფიო და იმედია, მალე მთავრობის ეს აქტი საკანონმდებლო ცვლილების სახესაც მიიღებს. ეს ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ ვერცერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი, პილოტი არ არის პროფესიონალი, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე, ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული, აქამდე ეს გაწერილი არ იყო, ვალდებულება არ არსებობდა, რომ გამართული აპარატურით ეფრინათ და ის, ვინც არის ფრენაზე პასუხისმგებელი, სავალდებულოდ ყოფილიყო ამ საქმის მცოდნე. ეს შემოდის“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული წესები შემოდის, რათა აღარ მოხდეს ტრაგედიები.

„ასევე შემოდის მონიტორინგი, რომელსაც ფედერაცია განახორციელებს. ხოლო ფედერაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის სააგენტო. შს სამინისტროს ექნება ფუნქცია, როდესაც ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისთვის ვარგის არეალებს, რომლის მიღმაც ფრენა იქნება აკრძალული, ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იყოს ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში, ამ წესების აღსრულების საკითხში დახმარება აღმოუჩინოს ფედერაციას შს სამინისტრომ; ასევე, მისი მოვალეობაა, აღკვეთოს მოცემული არეალების მიღმა ფრენა, რომელიც უკანონო იქნება. ეს წესები შემუშავებული იქნება, რომ ჩვენ აღარ მივიღოთ ქვეყანაში ისეთი ტრაგედიები, რომლებიც სიცოცხლის დაკარგვას უკავშირდება. იმედი მაქვს, ამ წესს ყველა უცბად გაითავისებს. ერთი თვე ეძლევა ფედერაციას, რომ სხვადასხვა წესი შექმნას და მონიტორინგის პროცედურები დანერგოს. ის, ვინც ფრენას მართავს, მან უნდა იცოდეს თავისი საქმე. კატეგორიებად დაიყო საფრენი აპარატები. თუ ეს არის ორადგილიანი პარაპლანი, ფრენის ცოდნა მოეთხოვება იმას, ვინც არის მფრინავი და მგზავრი ჰყავს. ორმაგად აგებს პასუხს. რაც შეეხება სერტიფიკატს მფრინავისთვის, ჩვენ ამ წესით გათვალისწინებული გვაქვს, თუ მფრინავი არის უცხოეთიდან ჩამოსული და მას საკუთარი თავისთვის უნდა, საქართველოს მთა და ბარი გამოსცადოს, ამისთვის ჩამოვიდა და აქვს იქაური სერტიფიკატი, ამით შეძლებს ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი ფედერაციის მხრიდან ნებართვის მარტივად მიღებას. ამ მხრივ უცხოელ მფრინავებს პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, უცხოელ მფრინავს, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატი ექნება, საქართველოში პრობლემა არ შეექმნება და შესაბამის ნებართვას მარტივად მიიღებს.

„ის, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქამდე ფრინავდა ყველანაირი ცოდნის, სერტიფიკატის და გამოცდილების გარეშე, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, მას მოუწევს გამოცდის ჩაბარება. არეალებს დაადგენს ფედერაცია საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით და არეალი ვერ იქნება ცნობილი ფრენისთვის შესაბამისად, თუ ის არ აკმაყოფილებს ძირითად კრიტერიუმებს. ძირითად კრიტერიუმებში არის, მათ შორის, ის, რომ არეალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ასაფრენი, სასტარტო ადგილი, შესაბამისი დასაჯდომი ადგილი. როდესაც არეალი ფედერაციის მიერ იქნება ცნობილი, შემდეგ ფედერაცია შს სამინისტროსთან ერთად გააკონტროლებს, რომ ყველამ დაიცვას ამ არეალის ფარგლები. ვინც არ უნდა დაკავდეს პარაპლანით, მფრინავს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია. ასევე, საფრენი აპარატი უნდა იყოს გამართული, ფრენა იყოს შესაბამის არეალში. ეს შეეხება ყველა ადამიანს, რა ფორმითაც და რა გზითაც არ უნდა იყოს ამ არეალში შესული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.