თეა წულუკიანი - პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის კულტურის კერად გადაქცევისთვის მუშაობა იწყება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ივანაშვილთან, მერიის წარმომადგენლებთან და პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად პოეტის სახლ-მუზეუმს ეწვია.
მინისტრმა დაათვალიერა სახლ-მუზეუმის შენობა და პაოლო იაშვილის შთამომავლებისგან, გიორგი და მერაბ ნიჟარაძეებისგან მიიღო ინფორმაცია მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ამასთან, მუზეუმში გაიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული, კალიგრაფიის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, რომელშიც თეა წულუკიანმაც მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო დედაენის დღეს აღნიშნავს საჩხერის მერიასთან ერთად, პაოლო იაშვილის მშობლიურ სახლში.
„წელს პაოლო იაშვილს 130 წელი უსრულდება და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ადგილობრივ ხელისუფლებასა და პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად იმისათვის, რომ სწორედ ამ საიუბილეო წელს მუზეუმი, რომელიც მუნიციპალიტეტის დიდი ძალისხმევით რესტავრირდა, შეივსოს სამუზეუმო ექსპონატებით. ეს მუზეუმი გახდება კერა, რომელიც მიიღებს ქართველ მწერლებს და არა მხოლოდ მათ. სიმბოლურია, რომ დღეს ამ სახლში მუნიციპალიტეტმა მოაწყო კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ ამაში მიგვეღო მონაწილეობა. კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს არა მხოლოდ ამ სახლ-მუზეუმის ექსპოზიციით შევსებისთვის, არამედ იმისთვის, რომ პაოლო იაშვილის შემოქმედება და მისი ძალიან დიდი წვლილი ქართული მწერლობის განვითარებაში იყოს სათანადოდ დაფასებული და რაც მთავარია, მის გარშემო იყოს მხოლოდ ფაქტები, რეალური ფაქტები და ის, რითაც მომავალმა თაობებმა უნდა იამაყონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.