თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს - მე არ დაგითმეთ თქვენ და ანგაჟირებულ პირებს, მათ შორის ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანა ნაცვლიშვილს
დღეს ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
თეა წულუკიანმა „ევროპელი საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ კრიტიკა, თითქოს ლადო ჭანტურიას ევროპულ სასამართლოს მოსამართლეობით საქმე გაფუჭდა, მიუღებელია.
„ლადო ჭანტურია არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გამტარებელი, როგორც ეს იყო მანამდე. ის არის დღეს ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე. მოვანდომე მე ამას ორი წელი, დიახ, რადგან მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა. მე არ დაგითმეთ თქვენ და თქვენ მიერ ანგაჟირებულ პირებს, რომლებიც მებრძოდნენ, ზოგი შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიხილეთ, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც თურმე სინამდვილეში პოლიტიკოსი ყოფილა და ახლა პრეზიდენტის პირით პოლიტიკას აწარმოებს. მე არ დაგითმეთ და არ მივეცი საშუალება ისეთ პირებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები იყვნენ და თქვენ პოლიტიკური პარტიები ინტერესს გაატარებდა სტრასბურგის სასამართლოში. ამას მოვანდომე ორი წელი და მივიღე გამარჯვება, გამარჯვება იმისა, რომ ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, საქართველოს ყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განათლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგი მოსამართლეების 70%-ს სწორედ ის იურიდიული განათლება აქვთ მიღებული, რაც მას.