თეა წულუკიანი - ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლები პარლამენტში იყო ძალიან სუსტი, თქვენ ხართ სუსტნი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციონერი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების გამოსვლები ძალიან სუსტი იყო.
ამის შესახებ წულუკიანმა, საკანონმდებლო ორგანოში დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არის სუსტი.
მისი თქმით, მან გუშინ იუსტიციის სამინისტროს ბოლო ორი წლის საქმიანობაზე საკანონმდებლო ორგანოში არასრულად ისაუბრა. ექვსწლიანი საქმიანობის შეჯამება კი, მაისში იგეგმება. თეა წულუკიანმა ანგარიშის მოსმენაზე მაისში დეპუტატებიც მიიწვია.
„თუმცა ის არასრული ანგარიში, რომელიც წარმოვადგინე, ეხებოდა კანონებს, ფუნდამენტურ ცვლილებებს, რეფორმებს, უპრეცედენტო მშენებლობებს, სახელმწიფო სერვისებს, ბავშვებს, ქალებს მათ შორის, ქალბატონო თინა, (თინა ბოკუჩავა) მოგებულ დავებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე სანდო და დაზუსტებულ საარჩევნო სიას, 630 ათას რეგისტრირებულ მიწას. 0,01 პროცენტი არის დავები უკვე რეგისტრირებულ მიწებზე და ეს რეფორმის წარმატების მნიშვნელობაა, სადაც მოქალაქეებმა 34 მილიონი ლარი დაზოგეს. ბევრი ვისაუბრე, ეს შარშანდელი მიღწევა არ იყო, მაგრამ ექვს წლიანი საქმიანობის შეფასებისას ბევრს ვისაუბრებ ვიზალიბერალიზაციაზე და მონაპოვარზე, რომელშიც იუსტიციელების ლომის წვლილი არის, სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ შვილებს დავუტოვებთ. ეს ყველაფერი ისაა, რასაც, როცა ამის დრო დადგება, გადავაბარებ მომავალ იუსტიციის მინისტრს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი შეფასებით, უწყების წარმატებაზე საუბრისას ძალიან სტკივა გული ოპოზიციას.
„როდესაც ამ წარმატებებზე ვსაუბრობ, ოპოზიციას, ვგულისხმობ ორად გახლეჩილ „ნაციონალურ მოძრაობას“, სტკივა გული, სტკივა ყურები, იმდენად სტკივათ, რომ აღარ არიან დარბაზში. ვიფიქრე, რომ გუშინდელი მარცხის შემდეგ, ღამე მაინც იმეცადინებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, იმეცადინეთ ან ვერ იმეცადინეთ, ან თუ იმეცადინეთ, წარუმატებლად. როგორც გუშინ, ისე დღეს, თქვენი გამოსვლები, ქალბატონებო, ბატონებო, იყო ძალიან სუსტი. თქვენ ხართ სუსტნი, ჩემს თვალში ეს ასეა, – განაცხადა თეა წულუკიანმა სესიაზე.