თეა წულუკიანი - ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს, რომ მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა, ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც მოეწონებათ, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ
ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ყველამ კარგად უნდა შეხედოს ამ ბილბორდებს და გაიხსენოს, რა არ უნდა დააბრუნოს არასდროს. თეა წულუკიანს განმარტებით, წარსული არავინ არ უნდა დაივიწყოს.
„ამ ბილბორდებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი, ვფქირობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება – ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო. ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება. მაგალითად, ჩამოვა თქვენი კოლეგა ემა გოგოხია და გაუხარდება თბილისში ეს ბანერები, რით არის ცუდი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.