თეა წულუკიანი - ოპოზიციის გაერთიანებებით არაფერი იცვლება „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება, გაერთიანებაში თუ გაერთიანებებში ავტორიტეტდაკარგული ძალები არიან
ოპოზიციის გაერთიანებებით, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება. გაერთიანებაში თუ გაერთიანებებში ავტორიტეტდაკარგული ძალები არიან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მობილიზებას და ამომრჩეველთან მუშაობას.
„ამ შერწყმით თუ შერწყმის პროცედურებით, რომლებსაც ოპოზიციურ პარტიებში ვხედავთ, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება. ეს შერწყმა თავისთავად გარკვეულ მიდგომებს შეცვლის თვითონ ოპოზიციისთვის, ვინაიდან პროცესებს ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: გაერთიანებაზე ალბათ გარედან მიიღეს დავალება, მაგრამ მათივე ამომრჩეველი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ აუცილებელია, ოპოზიცია იყოს ერთიანი. ვვარაუდობ, რომ ამ ორი მიზეზის და მოთხოვნის ერთობლიობის ფონზე გასაერთიანებლად ძალისხმევას არ იშურებენ. ჩვენთვის ეს გაერთიანებები არაფერს ცვლის. მთავარია, ვინ გაერთიანდება. ვხედავთ, რომ გაერთიანებაში თუ გაერთიანებებში არიან ავტორიტეტდაკარგული ძალები, რომელთა გაერთიანებაც რაიმე ტიპის ავტორიტეტულ გაერთიანებას არ მოიტანს. მეორე მხრივ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამაში დამოუკიდებლები, თავისუფლები არიან და იმედი აქვთ, რომ მათ გარკვეულ ბენეფიტს თუ სარგებელს მოუტანს.
ვაგრძელებთ მობილიზებას, მუშაობას საკუთარ ამომრჩეველთან. რასაკვირველია, ასევე გვაქვს მეორე ბრძოლის ველი, არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც გულისხმობს არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, არჩევნების შემდეგ მშვიდობიანობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას, რათა თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად მიღებული არჩევნების შედეგები სათანადოდ იყოს გაფორმებული, საქართველომ გააგრძელოს სტაბილურ, მშვიდობიან პირობებში ცხოვრება“, – განაცხადა წულუკიანმა.