თეა წულუკიანი - ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში
ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რაც არის მნიშვნელოვანი დღე სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანი ვიზიტი ქვეყნისთვის.
მისივე თქმით, ეს ორდღიანი ვიზიტი მორიგჯერ ადასტურებს აშშ-სა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ცოტა შორს რომ გავიხედოთ, ვინც იმ დროს სტუდენტები, მოზარდები ვიყავით ან კიდევ უფრო უფროსები, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია, აშშ, დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიის, დამოუკიდებლობის უმთავრეს მხარდამჭერად და ერთადერთ გარანტად, ასევე იმ ქართველი ხალხის გაცხადებული ორიენტაციისა და ცივილიზაციური არჩევანისა, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ჰქვია. ამ ფონზე დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციისა და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გუშინ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა.
„ისმის კითხვა, რამ გამოიწვია თავდასხმა ერთ-ერთ საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა „ქართულმა ოცნებამ“. ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა, რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნებიო, რაც სააკაშვილს არ მოსწონს, მას არ მოსწონს მშვიდობა. მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასკვნად გაასაღა არამხოლოდ ამ ასაბლეის შეფასება, 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ ყველა დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს, ეს არის ეუთო/ოდირი, სახელმწიფო დეპარტამენტი, დასავლეთის ქვეყნების საელჩოები, ეს არის საგანგაშო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა, ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად.
„ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში. დასავლეთისადმი ნიჰილიზმი არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია გაერთიანებული ან არის პოლიტიკურ ველზე და სააკაშვილს მაინცდამაინც ლიდერად არ მიიჩნევს, შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები, დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია ან გაემიჯნონ მათ. საინტერესო იქნება „იპიპის“ შეფასება, რომლის წევრიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები „ეფესბეს“ კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს „იპიპის“ აზრი. „ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით, როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით, როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა. უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატო-სთან თანამშრომლობა, ეს გაგრძელდება, მაგრამ, მეორე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა“, – განახცადა თეა წულუკიანმა.