თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში
მსურს, ოპონენტებს ასეთი კითხვა დავუსვა, თუ კი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას დაგვავალა, ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებული, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობისთვის მერაბიშვილის გათავისუფლების რჩევის მიცემის აუცილებლობა არ არსებობს.
„კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ჩახედოს გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ მთავრობის არგუმენტები გაიზიარეს და უარყვეს ის არგუმენტები, რომლებიც ოთარ კახიძემ მარტში, ივნისსა და შემდგომ პერიოდში წარადგინა. კახიძე ითხოვდა, დავალებული ყოფილიყო მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლება, თუმცა კახიძის, ბოკერიასა და სხვების პოზიციები არ გაიზიარეს.
თქვენ გახსოვთ ბატონი ბოკერია ბევრს ყვიროდა პარლამენტში, რომ ეს საქმე არის ტიმოშენკოსა და მამადოვის მსგავსი, ეს ყველაფერი უარყოფილ იქნა და ცალსახად ითქვა, რომ მერაბიშვილის საქმე არ არის სხვების მსგავსი, რადგან მერაბიშვილი არა ერთი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, მათ შორის ერთ-ერთი არის გირგვლიანი-ენუქიძის საქმე. ცალსახად აღინიშნა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება და ამგვარი დავალების მიცემა საქართველოსთვის მთავრობისთვის აუცილებელი და მიზანშეწონილი არ არის.
ასევე ცალსახად ითქვა, რომ მისი წინასწარი დაკავება და პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ითქვა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, გამოძიება განახლდა.
შესაბამისად, ოპონენტებს მინდა, მოვუწოდო, თავი დაანებონ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან პატიმარს სჭირდება, ჰქონდეს რეალური ინფორმაცია, რა ხდება გარეთ, იქნება ეს თბილისისა თუ სტრასბურგის ორგანოები. არ მგონია, ვინმეს ეპატიებოდეს, რომ მსჯავრდებულს მედიის საშუალებით უთვლიდეს არასწორ ინფორმაციებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.
ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებაგამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.