თეა წულუკიანი - OGP-ს თბილისის სამიტის რეზოლუციის ნორმებით ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარეები იხელმძღვანელებენ
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ თბილისის სამიტზე ჩვენ თბილისის რეზოლუცია მივიღეთ, რომელშიც პირველად იქნა შეტანილი ორი საკითხი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ არსებობის განმავლობაში და ამას ალბათ დაერქმევა თბილისის ის ნორმები, რომლითაც მომავალი თავმჯდომარეები იხელმძღვანელებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„პირველი არის ის, რომ ჩვენ წევრ ქვეყნებს ვთავაზობთ, რომ ღია მმართველობაში მოვიაზროთ არამხოლოდ მთავრობები, არამედ პარლამენტები, სასამართლო ხელისუფლებები და მუნიციპალიტეტები, რადგან საქართველო მთელ ორგანიზაციაში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი, მთავრობა, პარლამენტი, მართლმსაჯულება, ოზურგეთის, ზუგდიდისა და სხვა მუნიციპალიტეტები ამ პარტნიორობაში ჩართულნი არიან. ამით ჩვენ მაგალითს ვაჩვენებთ სხვა ქვეყნებს და ეს რეზოლუციაში გამოჩნდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, თბილისის რეზოლუციაში მოხვდა ქალთა უფლებების შესახებ ჩანაწერიც.
„თბილისის რეზოლუციაში ასევე პირველად იქნა შეტანილი ქალთა და გოგონათა უფლებათა შესახებ ჩანაწერი, რასაც მე მჯერა, რომ როდესაც თავმჯდომარეობას გადავაბარებთ, კანადა, ჯასტინ ტრიუდოს ხელისუფლება ამ საკითხს სათანადოდ მიხედავს. როგორც იცით კანადისთვისაც ქალთა და გოგონათა უფლებები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, თბილისის რეზოლუცია წევრ ქვეყნებს ამ ორი საკითხით ნამდვილად დაამახსოვრდებათ და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.