თეა წულუკიანი - ნინუცა მაყაშვილი თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ეს მნიშვნელოვანია სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის
ნინუცა მაყაშვილი თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ეს მნიშვნელოვანია სხვა ქალების უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან.
„ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერა ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს – ეს არის სტამბოლის კონვენცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერე 2014 წელს, თქვენი, ყველას – ქართველი გოგონებისა და ქალების სახელით. ამას გამოყენება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნინუცა მაყაშვილი იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, უარს არ აცხადებს, რადგან თუნდაც ის ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დასაცავად უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა წულუკიანმა.