თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას - თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, ხართ სახალხო დამცველი, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი პატიმარი
იუსტიციის მინისტრს როდესაც აძლევთ რეკომენდაციებს, ესა თუ ის სტრატეგია შეიმუშავოს სუბკულტურასთან ბრძოლის, ელემენტარულია, ისიც აღნიშნოთ, რომ არსებობს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კონცეფცია, რომლითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სუბკულტურას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„რა არის ახლა ეს სუბკულტურა, თუ თქვენ გულისხმობთ, რომ როდესაც ე.წ. ზონებში დილით გაიღება საკნების კარები, ეზოში გამოდის 2000 ან მეტი პატიმარი, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და იქ ზოგიერთი პატიმარი ცდილობს, სხვებზე დაამყაროს გავლენა, მოიპოვოს მათზე გავლენა ან აიძულოს სხვები, რომ მოიქცნენ ისე, როგორც მაგალითად მას წარმოუდგენია. თუ ამაზე საუბრობთ, მაშინ ამ ანგარიშში უნდა ყოფილიყო სხვა ციფრებიც, რადგან თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, მოადგილის მეშვეობით პენიტენციურ სამსახურთან და ასევე ასეულობით ადამიანს გავესაუბრეო ამბობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, როგორც კი ე.წ.ზონებში, რომელიმე პატიმარი დააპირებს გააკონტროლოს სხვა პატიმრის ქცევა ან გაბედავს და იტყვის, რომ ფული უნდა შეგროვდეს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ხდება რისკის გადაფასება და ასეთი პატიმრები გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებაში.
მისივე თქმით, 2019 წელს ნომერ მეჩვიდმეტე დაწესებულებიდან ე.წ. ზონიდან დახურულ დაწესებულებაში 11 ათასი პატიმარი გადაიყვანეს, რომლებმაც სხვების კონტროლი მოისურვეს.
„ვინმე დავითი, გიორგი, დათო, აკაკი, ლაშა, ბაჩანა, ირაკლი, ჯაბა, გიგა, რამაზ, პაატა, ესენი ხომ არ არიან მოგონილი ადამიანები, ან მოჩვენებები. ესენი არიან კონკრეტული მამაკაცები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აკონტროლონ სხვები ან სხვებს მოთხოვონ თანხის შეგროვება, ეს ადამიანები დაისაჯნენ. თქვენ კი ანგარიშში ამბობთ, რომ ადმინისტრაცია ამას არ ებრძვისო და ლამის იმაში გვადანაშაულებთ, რომ ჩვენ შეიძლება ასეთ ხალხთან ვიყოთ შეკრული. მაშინ დაასახელეთ, ვინ არის ამ ხალხთან კონკრეტულად შეკრული და პროკურატურას მიმართეთ. მე არ უნდა მიწევდეს პროკურატურისთვის მიმართვა, თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად. ეს ანგარიში მე გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება, რადგან თქვენ სუბრობთ დანაშაულებზე, რომ ფლობთ დანაშაულს, რომელიც ამ დაწესებულებებში მომხდარია ან მიმდინარეობს და არ გსურთ ალბათ, თქვათ გვარები. თქვენი მეთოდი ვერ იქნებით ომერტა, რადგან თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში ან თქვენს თანამშრომლებს, ვინც ეს ანგარიში შეადგინა, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი პატიმარი, გვარი, სახელი, ვინ ვის მოსთხოვა, რადგან თქვენ გარჩევებსაც კი თითქოს აღწერთ ძალიან ზედაპირულად, მაგრამ აღწერთ. თუ თქვენ აღწერთ ე.ი. შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ე.ი. ვიღაცამ მოგაწოდათ ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე ველოდები, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ითანამშრომლებთ გამოძიებასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მყისიერი რეაგირება მომხდარია და ეს ანგარიში გადაგზავნილია პროკურატურაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.