თეა წულუკიანი - ნარკოგამსაღებლებთან მიმართებაში საჭიროა კიდევ უფრო სიმკაცრე, ვიდრე დღეს არის
ნარკოპოლიტიკაზე ძალიან აქტიური მსჯელობები მიმდინარეობს გუნდის შიგნით და ყველა იზიარებს, რომ სისტემას გაადამიანურება და მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა საქმე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას ეხება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრეა საჭირო.
„ის, რომ სისტემას გაადამიანურება, უფრო მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა მოხმარებას ეხება საქმე, ეს არის ფაქტი და პრინციპულად ამას ყველა იზიარებს. თუმცა როგორი უნდა იყოს კონკრეტიკაში სისტემა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რაც შეეხება გამსაღებლებს, აქაც არის შეჯერებული აზრი, რომ საჭიროა არამცთუ ის სიმკაცრე, რაც დღეს არის, არამედ კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე“, – განაცხადა მინისტრმა.
სხვა დეტალებზე მისი თქმით, პოზიციები შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი.
„დანარჩენი უკვე როგორი კანონი იქნება, მუხლები როგორ ჩამოყალიბდება და რომელ ნივთიერებასთან მიმართებაში როგორი მიდგომა იქნება, მარიხუანასთანაც, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებები გამოიტანა და ისინი გასათვალისწინებელია, კლუბურ ნარკოტიკთან, ჰეროინთან თუ სხვა ნივთიერებასთან მიმართებაში, ამაზე შეჯერებული პოზიციები მალე გახმოვანდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხები დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს, რომელშიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.