თეა წულუკიანი - დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს, მრცხვენია, რომ სერიოზული ადამიანი ზეზვაზე უფრო ევროპელად აცხადებს თავს და სახელმწიფოს თითს უქნევს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ.
როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა, ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს.
„როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების – ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ. დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ პოსტის მცხობლად რომ მუშაობს ნამდვილი სამსახურის პარალელურად).
უპირველესად, არ ვთვლი საინტერესოდ და საჭიროდ განვიხილო, როგორ მოხვდა თანამდებობაზე და რატომ. საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან. უფრო მეტიც, ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ. რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში („ცუდი“ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ. პრიმატი არ ვიცი და ეს გახლავთ პრიმიტიული ევროპეიზმი. დაე, ნუ გვაპატიებთ ამ შეფასებას, ვისაც გვაქვს სისხლი წითელი. ჩვენ ხომ გლეხები ვართ, არ გაგვიხედავს ჩვენი სოფლის იქით. ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.
ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა! ვწუხვარ და ვგმობ ამ საქციელს. და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს. ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და ამ ელჩივით მოიქცეს, რადგან შეგვაქებენ. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო. მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მათ, ვინც შემდგომ ჩაება ამ ჯაჭვს და დღემდე მედგრად შესდგომია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების აღმავალ, რთულ გზას. დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა. ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს“, – წერს წულუკიანი.
გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ 4 მაისს განაცხადა. ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ჯავახიშვილმა განცხადება უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა, მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, უწყებას და თითოეულ ღირსეულ დიპლომატს.