თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის გავახსენებ, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად კენჭიც არ დაუდია
„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის გავახსენებ, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად ერთი კენჭიც არ დაუდია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებული 200-ლარიანი დახმარების პროექტით პოლიტიკური ქულები თავად დაიწეროს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა, არ გაგვახსენოთ ეს დროო, მაგრამ მთლიანად, ამ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს უკვე არაერთი პარტიისგან შედგება, ყოველთვის შევახსენებ, რომ არც ერთი არამცთუ აგური, არამედ კენჭიც არ დაუდიათ ბავშვთა უფლებების დასაცავად. ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ბავშვთა მდგომარეობა ყველა სფეროში და თუნდაც სისხლის სამართლის პროცესში.
ჩვენ ვგმობთ იმას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ეს დახმარების პროექტი მათთვის ინსტრუმენტია. ცდილობენ, თავად დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს მათი მორალური სახეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 800 000 ბავშვი, მათი მშობლები მალე დარეგისტრირდნენ. თქვენ ნახეთ, რომ 600 000-ს უკვე გასცდა რეგისტრირებულთა რიცხვი“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების პოლიტიზირებას ცდილობენ. ამ თემას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ გარკვეული ადამიანები ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარებით ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ. მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს და პოლიტიკურ ქულებს იწერს. ბრალდებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, რომლის თქმითაც, არასრულწლოვნებისთვის გამოყოფილი დახმარების მისაღებად, პარტია მოსახლეობას „ჩუმად და თავმდაბლობით ეხმარებოდა“.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი