თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ სპეციალური სიის შექმნის საკითხზე განაცხადა, რომელიც „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელ ინტერპარტიული კომისიის“ ფარგლებში იქმნება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სერიოზულ კომენტარს ჩემი მხრიდან არ საჭიროებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რა თქმა უნდა, შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის და ვინც ისინი დაამარცხა 2012 წელს. ალბათ კიდევ მეორე შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვინც კიდევ დავამარცხებთ 2020 წელს. ამიტომ მოამზადონ ფურცელი და კალამი, ბევრი შავი სიის დაწერა მოუწევთ გაისადაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სიას სპეციალური კომისია 8 იანვარს გამოაქვეყნებს. მათი განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა მოხდება ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც, რომელიც საბოლოოდ საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნებათ და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.