თეა წულუკიანი - ემრე ჩაბუქის საქმეზე მორჩილად და მოთმინებით დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას
თეა წულუკიანი - ემრე ჩაბუქის საქმეზე მორჩილად და მოთმინებით დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ყველა მორჩილად და მოთმინებით დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ექსტრადიციის პროცედურა ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან და ფასდება სხვადასხვა პროცედურებით.

“ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის წერილს გავეცანი. მინდა, საზოგადოებას და მათ შორის მას ვუთხრა, რაც ბევრჯერ მითქვამს –  ექსტრადიციის პროცედურა ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ფასდება სხვადასხვა პროცედურებით, მათ შორის არის ის, რომ საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული. ჩვენ ველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ქართული სასამართლოები იტყვიან, რომ მინისტრს აქვს უფლება, გადასცეს, ასეთ შემთხვევაში იმ კრიტერიუმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე ჩამოვთვალე. თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება, ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება. ყველანი მორჩილად და მოთმინებით დაველოდოთ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.