თეა წულუკიანი - მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციებს ხვალიდან დავიწყებთ
საქართველოს მთავრობა 14 სამინისტროს 11 სამინისტრომდე შემცირების თაობაზე კონსულტაციებს ხვალიდან გამართავს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის დროს, მამუკა ბახტაძემ გუნდს აუხსნა და შემდეგ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.
წულუკიანის ცნობით, მოხდება თუ არა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება, ამაზე კონკრეტული მსჯელობა არ ყოფილა.
„ეს 11 უწყება რომელი იქნება, ამაზე მსჯელობა და განხილვა ხვალიდან დაიწყება. ეს არის ის, რაზეც ახალდამტკიცებულმა კაბინეტმა რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ. სამუშაო რეჟიმში ამ საკითხების განხილვას ხვალიდან ვიწყებთ. უდავოა, რომ პატიმართა უფლებები, სასჯელაღსრულების სისტემა, პრობაცია, დანაშაულის პრევენცია და რეციდივთან ბრძოლა, ასევე პატიმრების უფლებების ისე დაცვა და მათთან ისე მუშაობა, რომ ისინი მომავალში საპატიმროს არასდროს აღარ მიუბრუნდნენ, როცა იქედან გამოვლენ, ძალიან ფაქიზი და სათუთი თემაა. მათ უფლებებზე წარსულში სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, ამჟამად იუსტიციის სამინისტროში დანაშაულის პრევენციის ცენტრში ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა წარმატებით მუშაობს. კახი კახიშვილს ვეთანხმები, რომ ეს ძალიან სათუთი სფეროა. თუკი ამაზე პრემიერის მხრიდან ინიციატივა იქნება, ხვალიდან სამუშაო რეჟიმში ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ აქამდე ეს მსჯელობა არ ყოფილა”, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.