თეა წულუკიანი - მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, ქვეყანა განვითარდეს, ამ სტრატეგიულ მიმართულებას კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება ვერ შეცვლის
თეა წულუკიანი - მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, ქვეყანა განვითარდეს, ამ სტრატეგიულ მიმართულებას კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება ვერ შეცვლის

საქართველოში უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვის სახით როცა აკეთებს ასეთ განცხადებას, არის არამეგობრული, მე ვიტყოდი, სამარცხვინო და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქით, რომ როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი ომში ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

კერძოდ, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს ყველა იმ გზით, რომელიც არ უკავშირდება დაპირისპირებაში ჩართვას.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა ის, რასაც მუდამ ვამბობთ – არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდამხარ ომში სამხედრო გზით უნდა ჩავებათ. ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს ყველა იმ გზით, რომელიც არ უკავშირდება სამხედრო გზებს, მექანიზმებს და დაპირისპირებაში ჩართვას. არ ვიცი, ბატონი კასიანოვი რომელ ასაკობრივ ჯგუფს, რომელ თაობას განეკუთვნება, რომელ პერიოდში და სად გაიზარდა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მისთვის საინტერესო და სავალდებულოდ საინტერესოა, რა არის საქართველოს უახლესი ისტორია. ყველა ელჩმა, რომელიც აქ მოდის, უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია. ჩვენ გვახსოვს, საიდან მოვდივართ, რომელი ბავშვობიდან მოვდივართ, რომელი სტუდენტობიდან მოვდივართ, როდესაც ჩვენი, ქართველების, ცხოვრება სავსე იყო ცხედრებით, სისხლით, შიმშილით, ობლებით, დაკარგული ტერიტორიებით, ძმათა მკვლელი ომებით, ოკუპანტთან თავის შეკვლით. თავი რომ დავანებოთ ბავშვობასა და ახალგაზრდობას, სულ ახლახან, 2008 წელს ჩვენ ვნახეთ კიდევ მორიგი უბედურება ომის სახით. ამიტომ ჩვენ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ გვინდა. საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ყოველდღიურ რეჟიმში, სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მთელი პოლიტიკური ხელისუფლება, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, რომ ქვეყანა განვითარდეს. ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება. ამიტომ ბატონმა კასიანოვმა უნდა მიხედოს იმ საქმეს, რომლისთვისაც ის არის საქართველოში გამოგზავნილი, ანუ იყოს თავისი ქვეყნის ელჩი და არა – საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის შემფასებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.