თეა წულუკიანი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს
მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ადეკვატური და კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს.
„გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კითხვები ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეკუთვნის. ჩვენ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში მათ მუდმივად ვუსვამთ ბევრ მწვავე კითხვას. ზოგ კითხვაზე არის კომპეტენტური და ადეკვატური პასუხი, ზოგ კითხვაზე ჯერ კიდევ არის არაადეკვატური რეაქციები. ამას გამოსწორება სჭირდება და თან სასწრაფოდ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს სწორედ გელათზე, რადგან მრავალი საუკუნეა, მოჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია საქართველოს აღარ ჰქონია. მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და აღდგენის შედეგად, ერთ-ერთი პირველი გამოცდის გელათზე ჩატარება. მგონია, რომ ეს არის დაუშვებელი და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს.
რაც შეეხება ფრესკებს, ფრესკები საკმაოდ მძიმედ არის უკვე დაზიანებული. ამაზე სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა – ემოციური და ისტერიული. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სააგენტოში ყველა პასუხისმგებელი პირი, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ, რომ საზოგადოებას მშვიდად გასცენ პასუხი იმაზე, თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა.
მთავარი მაინც არის, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13-წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. ეს ვერც ერთ და ვერც ორ თვეში ვერ გამოსწორდება, მაგრამ საკმაოდ სწარაფად უნდა გამოსწორდეს იმიტომ, რომ გელათის გარეშე, არც ძლიერი საქართველო არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.