თეა წულუკიანი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრი ამჯერად, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ესტუმრა.
წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად თეატრის შენობა დაათვალიერა და თეატრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„შენობის რეაბილიტაციის პროექტი წელიწადზე მეტია, არსებობს და პანდემიის დასრულებისთანავე, მისი განხორციელება აუცილებელი იქნება როგორც თეატრის ნორმალური მუშაობის, ასევე ბავშვთა უფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით“, – განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთ-ერთი იმ თეატრთაგანია, რომელიც ბევრს მუშაობს საქართველოს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მინისტრმა მოუწოდა თეატრის ხელმძღვანელობას, სამინისტროს ხელშეწყობით, კიდევ მეტად გაზარდონ მასშტაბები და ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენონ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში პატარა მაყურებლის გასახარებლად.