თეა წულუკიანი - მომიწია ძალიან მკაცრი ღონისძიებების გატარება, რათა ნოტარიუსების საკმაოდ დიდი კლასტერი არ გაზრდილიყო და თავად ნოტარიუსებსაც გაეთავისებინათ, რომ ვირუსთან ბრძოლა არ არის მხოლოდ საჯარო მოხელეების თემა
თეა წულუკიანი - მომიწია ძალიან მკაცრი ღონისძიებების გატარება, რათა ნოტარიუსების საკმაოდ დიდი კლასტერი არ გაზრდილიყო და თავად ნოტარიუსებსაც გაეთავისებინათ, რომ ვირუსთან ბრძოლა არ არის მხოლოდ საჯარო მოხელეების თემა

ნოტარიუსები იყვნენ ერთ-ერთი პირველი პროფესია, ვინც ამ ქვეყანაში პანდემიისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი შექმნა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რასაც ახლა ვიტყვი, ადრე არ მითქვამს. ამ პროფესიისთვის არ არის კარგი, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რაკი ასეა, პირველად, საჯაროდ ვიტყვი, რომ ნოტარიუსები იყვნენ ერთ-ერთი პირველი პროფესია, ვინც ამ ქვეყანაში „კოვიდ-19“ რომ შემოვიდა, ამ პანდემიისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი შექმნეს. ეს ალბათ, საზოგადოებამ დღესაც არ იცის. ამიტომ, მე, როგორც უწყების ხელმძღვანელს, ძალიან მკაცრი ღონისძიებების გატარება მომიწია, რათა ჯერ ერთი, ეს კლასტერი არ გაზრდილიყო და სანოტარო ბიუროებს და თავად ნოტარიუსებს გაეთავისებინათ, რომ ვირუსთან ბრძოლა არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, საჯარო მოხელეების თემა და ეს მათაც ეხებათ, რადგან მათაც, როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან აქვთ შეხება. მერე რა, რომ მათ თავიანთი დამოუკიდებელი ბიუროები აქვთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამიტომაც გამოიცა სანოტარო საქმიანობის დროებითი წესი, ძალიან მკაცრი პირობებით. 

„მათ შორის, ინსპექტირების ინსტიტუტი შემოვიდა. ამ კონკრეტულმა ნოტარიუსმა, ბაჩანა შენგელიამ ეს დროებითი წესი, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტანდარტი დაარღვია, ინსპექტირებამ ეს გამოავლინა და მას 15 ივლისამდე, ანუ, რამდენიმე კვირით ჩამოერთვა ნებართვა. 15 ივნისს ამ აკრძალვას ვადა გაუვიდა და მან სანოტარო საქმიანობა გააგრძელა“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით არის მოტივირებული ე.წ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ ნოტარიუსს და ზოგადად, ნოტარიუსებს უზღუდავს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მოცემული კონკრეტული ნოტარიუსის, ბაჩანა შენგელიას გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე და როცა ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, მისი ძალისხმევით ბაჩანა შენგელია თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი.

„ამას არ მალავენ დეპუტატები და არც მოცემული კონკრეტული არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია მალავს, რომ ისინი ჯგუფელები არიან და სწორედ ამიტომ, მისი ვალია, ის დაიცვას. არაერთი დეპუტატია, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნას იყენებს და ამბობს, ჩემი ჯგუფელია და უნდა დავიცვა, აბა, რა უნდა ვქნაო. ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, რაც დასანანია. სხვა მხრივ, მან რომ შეძლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, როგორც ამას ორასზე მეტი ნოტარიუსი აკეთებს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, ის შეძლებს, იყოს კარგი ნოტარიუსი მაგრამ ის ამას ვერ, თუ არ აკეთებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის საფრთხე ყველამ უნდა გაითავისოს.

„მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ნოტარიუსი – ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოში „კოვიდია“ და როგორც თითოეული სამინისტროს თითოეული თანამშრომელი, შეხედეთ იუსტიციის სახლში მყოფ ოპერატორებს, რომლებსაც მინდა, მადლობა ვუთხრა; პენიტენციურ სამსახურში ხალხმა თვეების განმავლობაში ციხეში იცხოვრა. ეს პრიორიტეტი, „კოვიდთან“ ბრძოლა მათთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს, მათ შორის, ამ კონკრეტული ნოტარიუსისთვის და ასევე პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რადგან ჩვენ საარჩევნო კამპანიაში შევდივართ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, მივა თუ არა პარლამენტში ამ თემის განსახილველად, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამას საჭიროდ არ თვლის, რადგან პასუხგაუცემელი კითხვები არ არსებობს და არსებობს მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდა, რომ ჯგუფელი უნდა დაიცვან.

„როდესაც გვარამია პირდაპირ ამბობს, ტელევიზიას ვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ჯგუფელი დავიცვათო, ეს უკვე არ არის მედია, რომელიც ნორმალური კითხვის დასმისკენ არის მოწოდებული და მით უმეტეს, მისი ამფსონები პარლამენტში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.