თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომელიც 2026 წლის 17 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს
ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ლევილის მამულს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ვახორციელებთ ჩვენ აქ მასშტაბურ რეაბილიტაციას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ლევილში ჟურნალისტებს განუცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, ეს რეაბილიტაცია ყველა შემთხვევაში უნდა დასრულდეს 2026 წლის 17 სექტემბრამდე, რათა ის 10-წლიანი რეაბილიტაციის პროცესი, რაზეც სახელმწიფომ დადო პირობა, შესრულდეს.
„დღეს ჩვენ მამულის ყველა ნაწილი დავათვალიერეთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შატო, და ვნახეთ, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ეს პროცესი ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობით. კითხვა როდესაც ისმის, მოასწრებთ თუ არა რეაბილიტაციის დასრულებას ვადებში, პასუხი არის ცალსახად დადებითი, რადგან შატოს რეაბილიტაცია დასრულდება 2025 წლის იანვრამდე, ბიბლიოთეკა-მედიათეკის სივრცე დასრულდება 2025 წლის ზაფხულში, ქართული ოდა უკვე დამზადდა საქართველოში, აიწყობა, შემდეგ დაიშლება, როგორც ეს არის ქართული ტრადიციული წესი, ჩამოვა ლევილში და აქ თავიდან აიწყობა. 2025 წელს უკვე მამულს ექნება ქართული ოდა, სადაც მოეწყობა ქართული სამზარეულო, რესტორანი და სადეგუსტაციო სივრცე ქართული ღვინისთვის. ჩვენ უკან მდებარე შენობა, რომელიც ნამეტია და ვალოდია გოგუაძეების საცხოვრისი იყო, რეაბილიტირებულია, ასევე ხელოვანებისა და მეცნიერებისათვის დასრულებულია სტუდიოების სარეზიდენციო სივრცე და ჩვენ უკვე პარკიც მოვაწესრიგეთ, გალავნის რეაბილიტაციაც დასრულდა. ასე რომ, მამულში ყველაფერი არის კარგად. მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ ჩამოვიდა და ნახა ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.