მჯერა, თორნიკე რიჟვაძე მოძებნის დროს, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც წულუკიანის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძეს მექრთამე უწოდა.
„არ შემიძლია, უპასუხოდ დავტოვო, როდესაც ჩვენი მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. ბატონო ალეკო, აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის, თუ როგორ იქცევით და რა ხდება ბათუმის ბულვარში. როგორც ჩანს, ამბავი იცით, იმედი მაქვს, ამბის იქით დეტალებიც. ერთადერთი, რაშიც თანხვედრა გვაქვს, რომ რაც იქ შენდება, მიუღებელია. რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთ-ერთია, რომელიც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს იქ ცხრა და თორმეტსართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. რიჟვაძე იყო, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს. უკვე ვთქვი, რომ ეს არც მე არ მომწონს – ეს ერთი. მეორე – თუ ჩვენ გავიხსენებთ თქვენს პარლამენტში შემოსვლამდე გამონათქვამებს, შალვა პაპუაშვილი ამას თუ „ჰეითერობაში“ არ ჩამომართმევს, რეალობას გავიხსენებ, თქვენ თქვით, რომ პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“. მუთაქები ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო. 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ. ეს ხომ თქვენი სიტყვებია. ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყეთ. ე.ი თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ერთ დეპუტატს აქვს რაიმე ტიპის უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე, ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტრუობა და ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ გვერდით მყოფ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო. ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.
შესაბამისად, სამართლებრივი კატეგორიებით თუ შესანიშნავად ოპერირებს ისეთი ცნობილი მედიკოსი, როგორიც არის ჩემ წინ გამომსვლელი ლადო კახაძე, ალბათ თქვენც ამას კარგად შეძლებთ, რადგან მედიცინა და იურისპრუდენცია შეიძლება, არ იყოს მაინცდამაინც ახლოს მდგომი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა მაგალითია, როგორ შეიძლება, ადამიანი სულ სხვა პროფესიიდან იყო კვალიფიციური დეპუტატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი ერთადერთი ადამიანია კომიტეტში, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარს არ უჭერდა.
„რაც შეეხება კულტურას. ბატონო ალეკო, ფარისევლობა შეგატყეთ, რადგან ვითომ წუხხართ. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან, რა თავს აქიცინებთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც ვითომ წუხს ბათუმის ბულვარსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი ადამიანი ჩემს კომიტეტში, რომელიც იმის წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა თავისი სამინისტრო, თქვენ ხართ. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროსს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის. ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა. შესაბამისად, ღმერთს ადამიანისთვის ენა იმისთვის არ მიუცია და მით უმეტეს, კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს. მჯერა, თორნიკე რიჟვაძე მოძებნის დროს, თქვენ წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეიტანოს, რადგან თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულებები არ გაქვთ, მოგიწევთ ამის უარყოფა. ბათუმის ბულვარში ის რამდენიმე სართულიც კი მიუღებელია ჩემთვისაც, თუმცა პრეისტორიას თუ გავიხსენებთ, იქ ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. სწორედ რიჟვაძე იყო ის, ვინც შეძლო, მინიმუმამდე დაეყვანა ზიანი. თუმცა ზიანი სახეზეა და რა თქმა უნდა, აქ ალეკოსთან მაქვს თანხვედრა. არ მიჭირს ამის თქმა. ითვლება, რომ ოპოზიციონერს არ უნდა დაეთანხმო და ოპოზიციაში თუ ხარ, ხელისუფლებას არ უნდა დაეთანხმო. დიახ, მეც ვთვლი, რომ ბათუმის ბულვარს ეკუთვნის უფრო მეტი, ანუ მოფრთხილება და არა ამგვარი მშენებლობები, თუმცა არ უნდა ავურიოთ რაღაცები ერთმანეთში, თუ გვინდა, რომ ვიყოთ სამართლიანები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი კორპუსის აშენება დაუშვებელია. ამასთან, მისი თქმით, „თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი“.