თეა წულუკიანი - მინდა, ყველას გთხოვოთ სიფრთხილე, ზომიერება, გონიერება, ის, რითაც საუკუნეების მანძილზე მოდიოდა ქართველი ერი, ამის გარეშე არ არსებობს უკეთეს მომავალზე იმედი, ამას აკეთებს მთავრობა და შეეცდება, მოგცეთ მაგალითი, ვისაც ეს მაგალითი არ მოგწონთ, ძალიან ვწუხვარ
თეა წულუკიანი - მინდა, ყველას გთხოვოთ სიფრთხილე, ზომიერება, გონიერება, ის, რითაც საუკუნეების მანძილზე მოდიოდა ქართველი ერი, ამის გარეშე არ არსებობს უკეთეს მომავალზე იმედი, ამას აკეთებს მთავრობა და შეეცდება, მოგცეთ მაგალითი, ვისაც ეს მაგალითი არ მოგწონთ, ძალიან ვწუხვარ

საზოგადოებრივ მაუწყებელს მინდა, ვთხოვო, როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, დაეხმარეთ საზოგადოებას, გააანალიზოს, რა ხდება მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის, ანა ბროლაძის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა:

„მესმის მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. იმ ფონზე, რა ფორმითაც აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებებს, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ფარავს იმ დახმარებას, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ რეზოლუციებზე შეერთება, პოზიციები საერთაშორისო პლატფორმებზე, ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინას, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს ის რეპლიკები, განცხადებები, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. ფიქრობთ თუ არა, რომ რაც არის ქვეყნის სათქმელი, ცოტა უფრო სხვა ფორმა უნდა მოუძებნოს, მათ შორის პრემიერმა“.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ დღეებში არ შეხვედრია ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ამ პრემიერ-მინისტრის და ამ მთავრობის ხელმძღვანელობის პირობებში აქვს შიში, საფრთხის განცდა.

„მესმის, რომ თქვენ ხართ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ მოდით, საზოგადოების სახელით ნუ ილაპარაკებთ. თქვენ დაეხმარეთ საზოგადოებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ის იყოს ობიექტურად ინფორმირებული, რომ მან თქვენი დახმარებით შეძლოს, გააკეთოს სწორი ანალიზი, მაგრამ ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით, რადგან საზოგადოების ნაწილი ვართ ჩვენც, ჩვენი ოჯახები, ახლობლები და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ დღეებში არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ამ პრემიერ-მინისტრის და ამ მთავრობის ხელმძღვანელობის პირობებში მაქვს შიში, საფრთხის განცდა. თქვენ გაქვთ სურვილი და ეს მისასალმებელია, რომ უკრაინელ ხალხს რუსთაველის გამზირზე იქიდან მიესალმოთ, მხარი დაუჭიროთ, ამის შესაძლებლობა იცით, რატომ გაქვთ? რადგან მთავრობა არის თავის ადგილას, პრემიერ-მინისტრი არის თავის ადგილას და თქვენ გიქმნით იმ პირობებს, რომ არ ცხოვრობდეთ შიშში.

საზოგადოებრივ არხს მინდა ვთხოვო, როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, თქვენ ჩემი მაუწყებელიც ხართ, დაეხმარეთ საზოგადოებას, გააანალიზოს, რა ხდება მსოფლიოში. მსოფლიოში ხდება, ჩვენი, ყოველ შემთხვევაში, ამ თაობის სიცოცხლის მანძილზე, ამ მასშტაბით და ამ ხარისხით პირველად, როდესაც მთელი ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურა დგას რისკის ქვეშ და ნუ შევთავაზებთ ქართველ ხალხს, რომ გაუაზრებლად აღმოჩნდეს კიდევ ერთხელ რაღაცის მსხვერპლი. ეს არის უპასუხისმგებლობა. ჩვენ არ გვაქვს არავითარი გადაწყვეტილება იმასთან მიღებული, რომ მივეცეთ ზედაპირულობასდაუფიქრებლობას და არც ერთი გადწყვეტილება, რომელმაც თუნდაც პოტენციურად, შეიძლება, ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე, ცხოვრობს ის საქართველოში, ევროპაში, თუ რუსეთის ფედერაციაში, სადაც ჩვენ, სხვათა შორის, მინდა, შეგახსენოთ, მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე გვყავს, რომელიმე მათგანს დააზიანებს. ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ.

საზოგადოების თითოეულ წევრს მოვუწოდო, ნურავის ნუ დააკომპლექსებინებთ თავს. რასაც მე ვაკვირდები, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ბოლო დღეებში ხდება ასეთი რამ – მიდის ბულინგი ადამიანებზე, მიდის მცდელობა, დაგაკომპლექსონ და გაფიქრებინონ, რომ შენ თუ არ გამოხვალ ქუჩაში და არ იმღერებ სცენაზე, ხარ მეორე ხარისხის მოქალაქე. ეს ასე არ არის. მინდა, ყველას გთხოვოთ სიფრთხილე, ზომიერება, გონიერება, ის, რითაც საუკუნეების მანძილზე მოდიოდა ქართველი ერი. ამის გარეშე დღეს არ არსებობს უკეთეს მომავალზე იმედი. ამას აკეთებს მთავრობა და მთავრობა, რა თქმა უნდა, შეეცდება, მოგცეთ მაგალითი. ვისაც ეს მაგალითი არ მოგწონთ, ძალიან ვწუხვარ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.