თეა წულუკიანი - მინდა, ყველა იმ ბავშვს მივესალმო, ვისი კერპი არის არა ალ კაპონე, არამედ ნონა გაფრინდაშვილი
ჩვენ ხელს ვუწყობთ მე-11 დაწესებულებაში ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომ მათ გაითავისონ – ოცნება არ უნდა იყოს ე.წ. ზონაში წასვლა, ოცნება შეიძლება, იყოს გარეთ გასვლა, სწავლა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას.
ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ, მათ შორის მსჯავრდებული არასრულწლოვნათა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან.
„ვისარგებლებ შემთხვევით და მივესალმები ჩვენ ახალგაზრდა თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელიც ჩვენთან ერთად არის. ის არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა – კი, მე წავალ მე-16 დაწესებულებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ N11 დაწესებულებაში ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომ მათ გაითავისონ – ოცნება არ უნდა იყოს ე.წ. ზონაში წასვლა, ოცნება შეიძლება იყოს გარეთ გასვლა, ოცნება შეიძლება იყოს სწავლა. ოცნება შეიძლება იყოს ის, რომ შექმნა ოჯახი და გყავდეს მომავლისთვის სასიქადულო შვილები. ეს უნდა იყოს ოცნება და არა ის, რომ წახვიდე ქსანში ან რუსთავში. ოცნება ყველა ბავშვისა უნდა იყოს გარეთ გასვლა, სწავლა და კარიერა. ამიტომაც მინდა, ყველა იმ ბავშვს მივესალმო, ვინც მასთან ერთად მე-11 დაწესებულებიდან გაიგო ჩვენი პოლიტიკა, მიხვდა, რომ ეს მისთვის კეთდება და არა ჩვენთვის და გადავიდა დაბალი რისკის დაწესებულებაში, სადაც თამაშობენ ჭადრაკს სწავლობენ გეოგრაფიას, სწავლობენ მათემატიკას და მათი კერპი არის არა ალ კაპონე, არამედ ნონა გაფრინდაშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა დღეს პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მე-11 დაწესებულება დაიხურება და მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე არასრულწლოვანთათვის მიკრო ციხეების შექმნის შესახებ.