თეა წულუკიანი - მინდა, გახარიასგან კითხვები მოვისმინო ღია ეთერში, დარწმუნებული ვარ, გუნდის ყველა წევრი მზად იქნება, პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც თურმე მას დაუგროვდა
პარტიამ გიორგი გახარია გამოარჩია, პირველ ნომრად აღიარა, ჩვენს ლიდერად ვაღიარეთ, ბოლოს შემოგვიბრუნდა ლიდერი და ჯოხი გვირტყა თავში, ახლა გვაინტერესებს, რით დავიმსახურეთ ეს, მაგრამ ამას ფეისბუქპოსტები ვერ უშველის, ამას სჭირდება გამოსვლა სცენაზე, დებატი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მზად არის, ღიად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც თურმე გახარიას დაუგროვდა.
თეა წულუკიანის განმარტებით, პრემიერ-მინისტრობის დროს გიორგი გახარიასთან მუშაობა მისთვის კომფორტული იყო და გაუგებარია, რა არ მოსწონდა მაშინ გახარიას.
„ალბათ, მალე დადგება დრო, თავად გიორგი გახარია გამოვა რეალურ ასპარეზზე, დაგვიპირისპირდება თითოეულ ჩვენგანს ლაივში, რადგან, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ის იყო ჩემი ხელმძღვანელი, მაინტერესებს, რა არ მოსწონდა მაგალითად ჩემ საქმიანობაში. აღმოჩნდა, რომ ახლა, რაკი ოპოზიციაში გადავიდა, აღარ მოსწონს რაღაცები. მაინტერესებს, რა იყო ის, რაც არ მოსწონდა მაგალითად მაშინ, როდესაც რეალურ საქმეში ყოველდღიურად ვხედავდი, მასთან მუშაობა ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის იყო ძალიან კომფორტული. ის იყო სწრაფი გადაწყვეტილების მიმღები პირი. როგორც პრემიერი, ხელს უწყობდა იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. შინაგან საქმეთა მინისტრობისას, რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრს და შს მინისტრს გარკვეული აზრთასხვადასხვაობა გვქონია, ეს ყველა ქვეყანაში ბუნებრივია, მაგრამ ამ პირობებშიც საინტერესო ყოფილა აზრთასხვადასხვაობის ერთობლივი ძალებით გადაჭრა.
განა, რა მოხდა ისეთი, რომ რამდენიმე საათში თუნდაც ჩემი საქმიანობა გახდა საკრიტიკო? მე მინდა კითხვები მოვისმინო ღია ეთერში. მზად ვარ, ღია პირობებში, ღიად გავცე პასუხები მის კითხვებს, რომლებიც თურმე დაგროვდა და ახლა ვიგებთ, რომ დაგროვდა. დარწმუნებული ვარ, გუნდის ყველა წევრი მზად იქნება, პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც თურმე მას დაუგროვდა, ასევე მისი გუნდის წევრებს.
ჩემთვის გაუგებარია, გუნდმა წინ წამოგწიოს, გამოგარჩიოს, რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს, ხელი შეგიწყოს, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდე, რადგან გიორგი გახარია საყოველთაოდ იყო აღიარებული, როგორც კარგი ბიზნესმომბუდსმენი და ამას ვერაფერი დღეს ვერ შეცვლის, მაგრამ ის არ იყო პოლიტიკოსი და „ქართული ოცნების“ გუნდმა, პარტიის დამფუძნებელი იქნებოდა, თუ თითოეული ჩვენგანი, მას ხელი შევუწყევთ, რომ ყოფილიყო ჩვენს შორის პირველი. ჩვენ ამაში მივიღეთ მონაწილეობა, პარტიამ გამოარჩია, პირველ ნომრად აღიარა და ჩვენს ლიდერად ვაღიარეთ, ბოლოს შემოგვიბრუნდა ლიდერი და ჯოხი გვირტყა თავში. ახლა გვაინტერესებს, რით დავიმსახურეთ ეს, მაგარამ ამას ფეისბუქპოსტები ვერ უშველის, ამას სჭირდება გამოსვლა სცენაზე, დებატი და კითხვებზე პასუხების გაცემა“, – განაცხადა თა წულუკიანმა „ქრონიკის“ ეთერში.