თეა წულუკიანი - მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი
მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული კატეგორიის სერვისები ამ დროისათვის უკვე არის ხელმისაწვდომი დისტანციურ რეჟიმში.
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში 6 აპრილიდან სრულად განაახლა. შემდეგი ეროვნული არქივი იყო, ვინც რვა ყველაზე მოხმარებადი მოთხოვნადი სერვისის გაცემა დაიწყო. დღეს, ეროვნული არქივის სერვისებს კიდევ ოთხი სხვა სერვისი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო სერვისები, რომლებიც ჩვეულებრივ გვჭირდებოდა ხოლმე, არის სრულად, დისტანციურად ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ნოტარიუსთა პალატას, დღეს დილით, ჩვენ გორში, რუსთავსა და თბილისში წერეთლის გამზირზე სამი ახალი სანოტარო ბიურო გავხსენით, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილსიში არსებული სხვა ბიუროები უნდა განიტვირთოს იმ მოქალაქეებისგან, ვინც გორიდან, რუსთავიდან ჩამოდიოდნენ ან თბილისის სხვა რაიონებიდან, რადგან დიდუბეში არის დროებითი ბიურო, სადაც სანოტარო მომსახურება გაიცემა.
როგორც კი, ნოტარიუსთა პალატა შესაბამის აღჭურვილობას, შესაბამისი ოდენობით შეიძენს, მათ აღჭურვილობა შეკვეთილი აქვთ და ველოდებით, ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტი სანოტარო ბიურო განაახლებს ფუნქციონიერებას, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას გვერდს ვერ ავუვლით და მათი მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ სანოტარო ბიუროებმა თავიანთ ტერიტორიაზე მოქალაქეები არ დაუშვან, თუ წინასწარ თერმოსკრინინგი არ ჩატარდება.
ის ოდენობა დისტანციური თერმომეტრების, რაც არსებობს, გახსნილი ბიუროების ოდენობას შეესაბამება. ბიუროების რიცხვი შეიძლება მხოლოდ გამრავლდეს, ამიტომ ვიქონიოთ მოთმინება. მომავალი კვირიდან სანოტარო მომსახურებაში ვიქნებით კიდევ უფრო წელგამართულები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ორ სტრატეგიულ სიპს, ეს არის სერვისების განვითარების სააგენტო, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, კალენდრის მიხედვით დასვენება იყო, სამოქალაქო რეესტრმა განაახლა პირადობის მოწმობებისა და ბიოიმეტრიული პასპორტების გაცემა.
„შეგიძლიათ, მათ ცხელ ხაზზე ან ვებ-გვერდზე სხვადასხვა თავისებურებებს გაეცნოთ, თუ როგორ გაიცემა ეს სერვისები. თუ ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიუმეტრიული პასპორტი უკვე გაქვთ და განახლებაა საჭირო, ეს ხდება 100 პროცენტით დისტანციურად და ონლაინ. თუ ასეთი დოკუმენტები არასოდეს გქონიათ, ჩვენს თანამშრომელთან ერთხელ მაინც კონტაქტი დაგჭირდებათ და თუ 70 წლის და მეტის ბრძანდებით, ჩვენი თანამშრომლის მიერ თქვენთან ბინაზე მოსვლით მოხდება, რომელიც შესაბამისად იქნება აღჭურვილი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, ან კიდევ შესაძლებელი იქნება ცხელი ხაზის მეშვეობით, სპეციალურად თქვენთვის შეხვედრის ჩანიშვნა კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე, როცა კონკრეტულ მისამართზე მობრძანდებით ისე, რომ სხვა მოქალაქეებთან შეხება არ გექნებათ და ამ სერვისს მიიღებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით განახლდა დაბადება-გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.
„რაც შეეეხება საჯარო რეესტრს, რომელიც ქონებრივ უფლებებთან არის კავშირში, გუშინ, ონლაინ სრულად განახლდა რეესტრის საქმიანობა და აქაც, იმ უკიდურეს შემთხვევაში, სადაც მოქალაქის ნახვა, მისი იდენტიფიცირებაა საჭირო, საკუთარ ქონებას ნამდვილად ასხვისებს თუ არა, ასეთ შემთხვევაში მოხდება შეხვედრის ჩანიშვნა და მისამართზე გამოცხადება. გუშინდელმა ციფრებმა აჩვენა, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამის შესახებ გაიგო და მოგვმართა კიდეც.
ვირუსის პირობებში, დასვენების დღე არ გვაქვს, საჯარო მოხელეების უმრავლესობა სახლიდან მუშაობს, ამ კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.