თეა წულუკიანი - მეწარმეთა კანონის რეფორმას არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელი ელოდნენ
თეა წულუკიანი - მეწარმეთა კანონის რეფორმას არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელი ელოდნენ

მეწარმეთა კანონის რეფორმას, არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია, ელოდნენ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს, როგორც მეწარმეებს, ასევე მოსამართლეებს დავის შემთხვევაში.

„დღეს ჩვენ დავასრულეთ მრავალწლიანი პროცესი, საქართველოს კანონის სრულიად ახალ პროექტზე მუშაობისა, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ. ამ კანონით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება, ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, არ პასუხობს ბიზნესწრეების ინტერესებს, არ პასუხობს იმ გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის ფუძემდებლურ პრინცებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია. ჩვენ ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესსასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან, დაინტერესებულ უწყებებთან, რომ საზოგადოებისთვის შეგვათავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი, ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს, როგორც მეწარმეებს, ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოსამართლეებს დავის შემთხვევაში“,- განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასახვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება.

„ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით. ეს არის მასშტაბური რეფორმა. ეს არის ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე, მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კანონის პროექტში ევროპული, ევროკავშირის დირექტივებიც არის გადმოტანილი.

„ამ კანონპროექტს გავლილი აქვთ რეგულირების შეფასების ანალიზი და ის ორი კვირით, როგორც ეს ამ კატეგორიის კანონის პროექტებს ეკუთვნის, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. კიდევ ერთხელ მინდა, მიუხედავად შვიდწლიანი მუშაობის პროცესისა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა მაცნეს მეშვეობით, ვიდრე ამ რეფორმის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ უკვე საკანონმდებლო ორგანოში. ყველა ბიზნესოპერატორს მინდა მივულოცო ეს სიახლე და იმედი გამოვთქვა, რომ პირველი იანვრიდან, როცა კანონი შევა ძალაში, საქართველოში, იქნებიან ისინი ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენები, იმუშვებენ კიდევ უფრო თავისუფალ გარემოში, იმ გარემოში, რომელიც მათ ხელს უწყობს და რაც მთავარია, დავის შემთხვევაში, სათანადოდ იცავს“, – განაცხადა წულუკიანმა.